„დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველო“ სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიასთან წინასაარჩევნოდ ალიანსის შექმნის თაობაზე კონსულტაციებს აწარმოებს.
ამის შესახებ „ნიუსპრესს“ პარტიის გენერალურმა მდივანმა ვახტანგ ყოლბაიამ განუცხადა.
ყოლბაიას თქმით, „დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველო“ კონსულტაციებს „თავისუფალ საქართველოსთან“, „ქართულ დასთან“ და მოძრაობა „თეთრებთან“ მართავს.
„მოლაპარაკებების პროცესი საკმაოდ რთულია და სათუთია. ამიტომ, ამ საქმეში აჩქარება არ ღირს. ამ ეტაპზე ჩვენი პარტიის რაიონული ორგანიზაციების ლიდერებთან და აქტივთან მიმდინარეობს კონსულტაცია. პარალელურად, შეხვედრები თბილისისა და ბათუმის ელექტორატთანაც იმართება“ - განაცხადა მან.
ყოლბაიას თქმით, შეხვედრების მიზანი საზოგადოების აზრის მონიტორინგია, რაც მომვალში პარტიის მიერ სწორი გადაწყვეტილების მიღებას ისახავს მიზნად.
როგორც „სახალხო კრების“ ლიდერმა ნონა გაფრინდაშვილმა გუშინ განაცხადა, „სახალხო კრება“ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას არ აპირებს, თუმცა, არ არის გამორიცხული, რომ მასში გაერთიანებულმა პოლიტიკურმა სუბიექტებმა არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად სხვა პოლიტიკურ პარტიებთან ალიანსი შექმნან. მისი თქმით, ალიანსი იმ ელექტორატზე იმუშავებს, რომელიც არჩევნებზე მისვლას არ აპირებს და არც გამოკვეთილი პოლიტიკური სიმპათია აქვს.
