„სახალხო კრება“ ხელისუფლებას დევნილების უფლებების დარღვევის შეწყვეტისკენ მოუწოდებს
„სახალხო კრება“ ხელისუფლებას დევნილების უფლებების დარღვევის შეწყვეტისკენ მოუწოდებს
16:54 15.06.2012
„სახალხო კრების“ დევნილთა კომიტეტი და „დევნილთა სამოქალაქო კომიტეტი“ ხელისუფლებას იძულებით გადაადგილებული პირების უფლებების დარღვევის შეწყვეტისა და მათი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებისკენ მოუწოდებს.
შესაბამისი განცხადება მათ დღეს გაავრცელეს.
განცხადების ავტორები აცხადებენ, რომ მიუხედავად საერთაშორისო ორგანიზაციების პერიოდული ფულადი დახმარებებისა, რომელსაც ისინი იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახმარებლად და მათი სოციალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად აგზავნიან, საქართველოში დევნილთა ელემენტარული საარსებო პირობები არ უმჯობესდება. მათი განმარტებით, დევნილთა და განსახლების სამინისტრო შემოდინებულ თანხებზე ინფორმაციას არ ასაჯაროებს, რაც მათი არამიზნობრივი ხარჯვის შესახებ საფუძვლიან ეჭვს იწვევს.
„დევნილთა და განსახლების სამინისტროს განცხადებით, მათ ფულადი კომპენსაციით უკვე დააკმაყოფილეს 22 000 ათასამდე ოჯახი, მაგრამ ყველასთვის გაუგებარია, თუ რა კრიტერიუმით აარჩიეს ეს ოჯახები. ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ ისინი პოლიტიკური ნიშნით იყვნენ არჩეულნი“ - ნათქვამია „სახალხო კრების“ დევნილთა კომიტეტისა და „დევნილთა სამოქალაქო კომიტეტის“ ერთობლივ განცხადებაში.
განცხადებაში ასევე მოყვანილია დევნილ მერი ზიბზიბაძის მაგალითი.
მასში აღნიშნულია, რომ ზიბზიბაძე დაბადებულია და ცხოვრობდა აფხაზეთში, თუმცა, იმის გამო, რომ ის მეუღლის გვარზეა, მეუღლე კი არ არის დევნილი, მას დევნილის სტატუსი შეუჩერეს.
„სტატუსის აღდგენასთან დაკავშირებით დღემდე ზიბზიბაძეს სხვადასხვა დაპირებებით ატყუებენ. ამას დაემატა ისიც, რომ მან ჯანდაცვის სამინისტროს ბალანსზე მყოფი, დევნილებით კომპაქტურად ჩასახლებული შენობის საცხოვრებლად უვარგისი ოთახი, საპიფარეშო, გაარემონტა საკუთარი თანხებით და წლების განმავლობაში იქ ცხოვრობდა“ - ნათქვამია განცხადებაში და იქვე აღნიშნულია, რომ მოგვიანებით შენობა „ინტერმედის“ საკუთრებაში გადავიდა, რამაც იქიდან დევნილების იძულებით გამოსახლება გამოიწვია.
„7 ივნისს, მერი ზიბზიბაძის სახლში არყოფნის დროს, მივიდნენ სასამართლოს აღმასრულებლები და მთელი ავეჯი ნივთებთან და ფულად დანაზოგთან ერთად, პირდაპირ ქუჩაში გამოუყარეს, რამაც მათი ნაწილობრივ დაკარგვა და განადგურება გამოიწვია“-აღნიშნულია განცხადებაში.
„დევნილთა სამოქალაქო მოძრაობა“ და „სახალხო კრების“ დევნილთა კომიტეტი აცხადებს, რომ ეს ადამიანის უფლებების იგნორირება და პირადი საკუთრების ხელყოფაა, რაც კიდევ ერთი დასტურია იმისა, თუ როგორ ექცევა საქართველოს ხელისუფლება საკუთარ მოქალაქეებს.
გაცხადების ავტორები მოითხოვენ, ხელისუფლებამ დევნილების შევიწროება და მათი ტერორი შეწყვიტოს, კონკრეტულ შემთხვევებში კი, დევნილთა და განსახლების სამინისტრომ დევნილი ოჯახები ალტერნატიული ფართით ან ფულადი კომპენსაციით დააკმაყოფილოს.


ბეჭდვა