პოლიტიკური მოძრაობა „ეროვნულების“ ინფორმაციით, საქართველოს ხელისუფლება კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის
ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ საპყრობილეებში მოთავსებული ე.წ კრიმინალური ავტორიტეტების გამოყენებას გეგმავს.
როგორც მოძრაობის ლიდერებმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, მათთვის ცნობილი გახდა, რომ ამ მიზნით, ხელისუფლების წარმომადგენლები კრიმინალებთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ.
„ეროვნულების“ ერთ-ერთი ლიდერის შალვა ხაჭაპურიძის თქმით, ხელისუფლების გეგმა ასეთია - მოქალაქეების დაშინების შედეგად, სამეგრელოში 7 ივლისს დაგეგმილ „ქართული ოცნების“ აქციაზე მაქსიმალურად ცოტა ხალხი უნდა მივიდეს, სადაც შემდეგ კრიმინალები ე.წ ზონდერ ბრიგადებთან ერთად შეხლა-შემოხლისა და ჩხუბის პროვოცირებას მოახდენენ. ეს კი, სამართლებრივად განზრახ მასობრივი არეულობის გამოწვევად შეფასდება.
„ეს დანაშაული სისხლის სამართლებრივი წესით დასჯადია და მასზე პასუხისმგებლობა ივანიშვილს დაეკისრება“ - აღნიშნა ხაჭაპურიძემ.
“ეროვნულების“ განმარტებით, ანალოგიური სქემა, ხელისუფლებას „ქართული ოცნების“ იმერეთის აქციისთვის ჰქონდა დაგეგმილი.
ხაჭაპურიძის თქმით, ხელისუფლებამ ზოგიერთი კრიმინალური ავტორიტეტი საპყრობილედან ქუთაისში ჩაიყვანა, სადაც წინასწარ მომზადებულ კონსპირაციულ ბინებში ისინი ხელისუფლების წარმომადგენლებს ხვდებოდნენ და არეულობის სცენარს ამუშავებდნენ. თუმცა, მისი თქმით, ხალხის სიმრავლისა და შემართების გამო, ქუთაისში ამ გეგმის განხორციელება ვერ მოხერხდა.
„ეროვნულები“ აცხადებენ, რომ კრიმინალური ავტორიტეტების დახმარება ხელისუფლებას სხვა არჩევნების დროსაც გამოუყენებია, შედეგად რამდენიმე მათგანი ციხიდან გაათავისუფლეს და თურქეთის ტერიტორიაზე გაუშვეს.
„მივმართავთ საქართველოში აკრედიტებულ ელჩებს, ადამიანის უფლებათა დამცველ საერთაშორისო ორგანიზაციებს, პოლიტიკურ პარტიებს, მასმედიას, ადვოკატებს, ასევე, ხელისუფლების წარმომადგენლებს - ვანო მერაბიშვილს, ზურაბ ადეიშვილს, ხათუნა კალმახელიძეს, ბაჩო ახალაიას და საქართველოს მთავარ პროკურორს, აღკვეთილ იქნას პოლიტიკურ პროცესებში კრიმინალური დაჯგუფებების გამოყენება“ - განაცხადა ხაჭაპურიძემ.
„ეროვნულების“ წარმომადგენლებმა აღნიშნული ფაქტის შესახებ ბიძინა ივანიშვილს უკვე აცნობეს.
