საქართველოს პარლამენტში ჯანდაცვის კომიტეტში ფსიქიკური ჯანმრთელობის რეფორმაზე ისაუბრებენ.
დღევანდელი დისკუსიის ორგანიზატორები არიან კავშირი "თანამშრომლობა თანაბარი უფლებებისათვის", "გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში - თბილისი", კავშირი "მშობელთა ხიდი".
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის განცხადებით, ფსიქიკურ აშლილობას მსოფლიოში სიღარიბე, უმუშევრობა და სოციალური ცხოვრებიდან გარიყვა უკავშირდება. ფსიქიკური დაავადებით გამოწვეული სტიგმა და დისკრიმინაცია როგორც პაციენტის, ისე მისი უახლოესი გარემოცვის ცხოვრებაზე აისახება.
პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის წევრების განცხადებით, დღეს საქართველოში ფსიქიატრიული სისტემის ინსტიტუციური რეფორმა მიმდინარეობს. კერძოდ, გაიხსნა ფსიქიატრიული განყოფილებები მრავალპროფილურ კლინიკებში, სადაც მკურნალობის და მოვლის პირობები მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია.
დღევანდელ შეხვედრაზე ასევე საუბარი იქნება შემდეგ საკითხებზე: ფსიქიკური ჯანმრთელობის რეფორმაზე, ფსიქიკური აშლილობის მქონე პირთა უფლებების დაცვასა და ბარიერებზე, პაციენტთა უფლებების დაცვის მექანიზმებზე.
ჯანდაცვის კომიტეტში შეხვედრა 15 საათზე გაიმართება.
