თბილისის სააპელაციო სასამართლოში კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის 126 220 190 ლარით დაჯარიმებასთან დაკავშირებით თბილისის
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საჩივრის განხილვა მიმდინარეობს.
საქალაქო სასამართლომ ივანიშვილი წინასაარჩევნოდ, პოლიტიკური მიზნით „გლობალ ტვ“-ს სატელიტური ანტენების მოქალაქეთათვის უსასყიდლოდ დამონტაჟებაში დაადანაშაულა და დააჯარიმა.
დღევანდელ პროცესზე ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა შალვა თადუმაძემ სასამართლოს შემადგენლობის აცილების შუამდგომლობა დააყენა.
მისი განმარტებით, სასამართლომ დაარღვია კანონი და თქვა, რომ კონტროლის პალატის მტკიცებულებები არ საჭიროებს ექპერტიზას და მხოლოდ „გლობალ ტვ“-ს საქმის მასალების ექსპერტიზით შემოიფარგლა. მისივე თქმით, ეს მხარეთა თანასწორობის პრინიპის დარღვევაა.
როგორც ადვოკატებმა აღნიშნეს, დაირღვა კიდევ ერთი წესი და მათ არ მიეცათ საშუალება ექპერტისთვის კითხვები დაესვათ, რადგან მხარეებს ექპერტიზის დასკვნა წერილობითი სახით გადაეცათ.
ივანიშვილის ადვოკატები მიიჩნევენ, რომ აღნიშნული საკითხები ქმნის იმის ვარაუდს, რომ სასამართლო შემადგენლობა მიკერძოებულია და აქედან გამომდინარე, მისი აცილება აუცილებელია.
სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეებმა ნატა ქუთათელაძემ, ირაკლი შენგელიამ და ქეთევან დუგლაძემ აღნიშნული შუამდგომლობა არ დააკმყოფილეს.
როგორც მოსამართლე ქუთათელაძემ განმარტა, ექსპერტიზა არ არის სასამართლოს უფლებამოსილება და ეს მის მიკერძოებულობაზე ეჭვს არ უნდა ქმნიდეს.
სასამართლომ მხარეებს ექპერტიზის დასკვნა გადასცა გასაცნობად და შესვენება გამოაცხადა.
წინასწარი ინფორმაციით, ექპსერტიზაში მითითებულია რომ „გლობალ ტვ“-ს ბიზნეს პროექტის თანახმად, კომპანიის საქმიანობა მომგებიანი არ იყო. ექსპერტიზა სასამართლომ გუშინ სწორედ იმის გასარკვევად დანიშნა, იყო თუ არა „გლობალ ტვ“-ს საქმიანობა მომგებიანი.
სხდომაზე კონტროლის პალატას პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის მოადგილე გიორგი ამირანაშვილის და ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსი ვახტანგ გეჟერაძე წარმოადგენენ.
სააპელაციო საქმის განხილვას საქართველოს ახალგარზდა იურისტთა ასოციაციის, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“, ამერიკის საელჩოს, ფონდი „ღია საზოგადეობა საქართველოს“ და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებიან.
ადვოკატები შალვა თადუმაძე და ალექსანდრე ბარამიძე სააპელაციო სასამართლოში ივანიშვილისთვის 126 220 190 ლარიანი ჯარიმის დაკისრების გაუქმებას ითხოვენ.
სხდომას „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი თინა ხიდაშელიც ესწრება.
