ხელისუფლებას სურს მომავალი არჩევნებისთვის მოსახლეობა არაინფორმირებული ან ნაკლებად ინფორმირებული იყოს.
ამის შესახებ კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბერძენიშვილმა დღეს პრესკონფერენციაზე „გლობალ ტვ“-ს ამერიკელი მეწილის ალექსანდრ რონჟესის მოწმის სტატუსით დაკითხვის ფაქტის კომენტირებისას განაცხადა.
„ხელისუფლება შეშფოთებულია და ეს ამ ფაქტითაც ჩანს. მას სურს თავისი ხედვა ქვეყნის ყველა კუთხეში კონტროლირებადი ტელევიზიების მეშვეობით მიიტანოს“- განაცახადა ბერძენიშვილმა.
მისი თქმით, ამის გამო, ხელისუფლება ხან სატელევიზიო ანძებს ხან კი, საკანონმდებლო ინიციატივებს ებრძვის.
„გლობალ ტვ“-ს ამერიკელი მეწილე გუშინ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოდან გამგზავრების დროს დააკავეს და რამდენიმე საათი მოწმის სტატუსით იკითხებოდა.
გუშინ საღამოს, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ეროვნულ ბანკთან არსებული ფინანსური მონიტორინგის სამსახურიდან შესული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო გამოძიება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის შესაძლო ფაქტთან დაკავშირებით.
მიღებული ინფორმაციის თანახმად, ამერიკის მოქალაქემ ალექსანდრ რონჟესმა 2004 წლის ოქტომბერში 180 000 ლარად შეიძინა თბილისში მდებარე უძრავი ქონება, რომელიც 2012 წლის 8 ივნისს გაასხვისა შპს „ლიზინგი 21“-ზე 3 100 000 ლარად და მიღებული თანხის მნიშვნელოვანი ნაწილი ნაღდი ფულის სახით გაიტანა საბანკო ანგარიშიდან, რაც საქართველოს კანონმდებლობითა და შესაბამისი საერთაშორისო სტანდარტებით საეჭვო ოპერაციაა.
უწყების ინფორმაციით, გამომდინარე იქიდან, რომ რონჟესმა საქართველოს საზღვრის გადაკვეთისას არ მოახდინა თანხის დეკლარირება, მიზანშეწონილი იყო მოწმის სახით მისი დაკითხვა.
