კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა „რესპუბლიკელმა“ დავით ბერძენიშვილმა დღეს თბილისში კოალიციის მაჟორიტარი
დეპუტატობის სავარაუდო კანდიდატები დაასახელა, თუმცა, ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ საბჭოს საბოლოო გადაწყვეტილება ამასთან დაკავშირებით მიღებული არ აქვს.
ბერძენიშვილმა ჟურნალისტების იმ კანდიდატთა ჩამონათვალი გააცნო, რომლებმაც თბილისის 10 ოლქში, სხვადასხვა დროს ჩატარებული ორი სოციოლოგიური კვლევის შედეგად უპირატესობა მოიპოვეს. სამგორში ამ კვლევების შედეგად სოზარ სუბარმა გაიმარჯვა, ვაკეში - ლევან ბერძენიშვილმა, ნაძალადევში - ეკა ბესელიამ, მთაწმინდაზე - ვახტანგ ხმალაძემ, დიდუბეში - დავით ბერძენიშვილმა, ჩუღურეთში - ვიქტორ დოლიძემ.
კრწანისში ბერძენიშვილის თქმით, ორი კანდიდატი ლიდერობს - გია ცაგარეიშვილი და შოთა ხაბარელი. გარდა ამისა, მან აღნიშნა, რომ სამ ოლქში - საბურთალოზე, ისანსა და გლდანში უპირობო ლიდერი თინა ხიდაშელია.
როგორც ბერძენიშვილმა განაცხადა, სოციოლოგიური კვლევის დაწყებამდე შეთანხმებული იყო, რომ კვლევა იქნებოდა ერთ-ერთი კრიტერიუმი მაჟორიტარი კანდიდატების გამოსავლენად. კვლევები თბილისში აპრილში და მაისში, სხვადასხვა სოციოლოგიური კვლევის სამსახურების მიერ ჩატარდა და თითოეულის დროს 3 800 მოქალაქე გამოიკითხა.
ბერძენიშვილის თქმით, ამ კანდიდატებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას კოალიციის ათ წევრიანი პოლიტსაბჭო იღებს, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ხელმძღვანელობს.
რაც შეეხება გურიაში მაჟორიტარობის კანდიდატებს, მან აღნიშნა, რომ ეს საკითხი უახლოეს მომავალში გადაწყდება და შესაძლოა, კვირის ბოლოს დაგეგმილ ოზურგეთის აქციაზეც გამოცხადდეს.
