საქართველოს წინაშე უახლოეს პერიოდში მდგარი გამოწვევა საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების დემოკრატიულად ჩატარება და ამით თავისი
განვითარების შესაძლებლობის დამტკიცებაა. „ამერიკის ხმის“ ინფორმაციით, ამის შესახებ აშშ-ს ელჩმა საქართველოში ჯონ ბასმა ალტანტიკურ საბჭოზე გამოსვლისას განაცხადა.
ამასთან, მან „ამერიკის ხმის“ კითხვაზე - როგორია მისი ხედვა ქართული სამოქალაქო ჯგუფის მოთხოვნაზე „Must Carry“-ს პრინციპის განხორციელებასთან დაკავშირებით, აღნიშნა, რომ წინასაარჩევნო ვითარებაში მნიშვნელოვანია ყველა მოქალაქეს ჰქონდეს ინფორმაციის ფართო სპექტრის გაცნობის შესაძლებლობა.
„ვფიქრობ „Must Carry“-ს პრინციპის უკან დგას მიზანი, რომელიც გულისხმობს მედიის ხელმისაწვდომობის პრობლემის დაძლევას. მოქალაქეებისთვის ქვეყანაში მიმდინარე პროცესების გაშუქება ხდება მაუწყებლების ვიწრო სპექტრის მიერ და მათ ხელი არ მიუწვდებათ სხვა მაუწყებლებზე, რომელიც განსხვავებულ მიდგომას გამოხატავენ,“ - განაცხადა ბასმა.
მისი თქმით, ქართული საზოგადეობის გადასაწყვეტია, თუ როგორ გადაჭრის ამ პრობლემას. თუმცა, წინასაარჩევნო ვითარების პირობებში, უმნიშვნელოვანესია, რომ საქართველოს ყველა მოქალაქეს ჰქონდეს ინფორმაციის ფართო სპექტრის გაცნობის და განსხვავებული პოლიტიკური პარტიების აზრის მოსმენის საშუალება.
