ბასი მიიჩნევს, რომ საქართველოს ერთ-ერთი სირთულე ქართული საზოგადოების მიერ ფაქტებზე დაფუძნებული რეალობის რთულად აღქმაა
ბასი მიიჩნევს, რომ საქართველოს ერთ-ერთი სირთულე ქართული საზოგადოების მიერ ფაქტებზე დაფუძნებული რეალობის რთულად აღქმაა
12:41 15.06.2012
ამერიკის ელჩი საქართველოში ჯონ ბასი მიიჩნევს, რომ საქართველოს წინაშე მდგარ სირთულეებს შორის ერთ-ერთი მთავარი საკითხი ქართული საზოგადოების მიერ ფაქტებზე დაფუძნებული რეალობის რთულად აღქმაა. „ამერიკის ხმის“ ინფორმაციით, ამის შესახებ ბასმა ატლანტიკურ საბჭოში გამოსვლისას განაცხადა.

აღნიშნულის დასტურად ელჩმა ქართველ ბიზნესმენებთან გამართული სადილი გაიხსენა, სადაც ერთ-ერთმა ბიზნესმენმა მას უთხრა, რომ ქართულ საზოგადოებაში კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების სიმწირეა, რაც მისი თქმით, ბევრი პრობლემის სათავეა.

ბასმა აღნიშნა, რომ ის გარკვეულწილად იზიარებს ამ მოსაზრებას. ელჩის თქმით, ამის შედეგია მეორე პრობლემა, რაც ტოლერანტობის ნაკლებობაში გამოხატება, რაც თავის მხრივ ასახულია განსახვავებული პოლიტიკური, ეთნიკური და რელიგური მოსაზრებების მიმართ დამოკიდებულებაში.

ელჩმა აღნიშნა, რომ ამის ერთერთი მიზეზი ის ოცწლიანი პროცესია, „როდესაც ქართველები წყვეტენ თუ ვინ არიან ისინი, რას ნიშნავს იყო ქართველი თანამედროვე მსოფლიოში.“

„ამერიკის ხმის“ ინფორმაციით, ელჩმა აღნიშნა, რომ ამ პროცესში ზოგმა ქართველმა აირჩია გზა, რომლის მიხედვითაც „ქართველობა ეს არის იყო ეთნიკურად ქართველი და მართლმადიდებელი“. ბასმა აღნიშნა, რომ ეს მიდგომა არ ტოვებს ადგილს საქართველოს ბევრი მოქალაქისთვის, რომელთაც გააჩნიათ განსხვავებული რწმენა და ეთნიკურობა.

ბეჭდვა