კამპანია „ეს შენ გეხებას“ წარმომადგენლებსა და პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს პავლე კუბლაშვილს შორის მაუწყებლის სავალდებულო ტრანზიტის საკითხზე შეთანხმება ვერ შედგა.
„ეს შენ გეხება“ მოსახლეობაში ხელმოწერების შეგროვებას იწყებს საკანონმდებლო ინიციატივის პარალამენტში შეტანის მიზნით.
„შეთანხმებას ვერ მივაღწიეთ. ჩვენ ვიწყებთ 30 000 ხელმოწერის შეგროვებას იმისთვის, რომ საკანონმდებლო ინიციატივით მოქალაქეების სახელით მივმართოთ საქართველოს პარლამენტს“ – აღნიშნა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ თამარ ჩუგოშვილმა შეხვედრის შემდეგ.
მისი თქმით, განსაკუთრებული პრობლემა იმ არხებთან დაკავშირებით იქმნება, რომლებიც სატელიტით მაუწყებლობენ, როგორიცაა “მაესტრო”, “მე-9 არხი” და რამდენიმე რეგიონული არხი.
ჩუგოშვილის თქმით, ხელმოწერები სავარაუდოდ ერთი კვირის ან 10 დღის ვადაში შეგროვდება.
„ჩვენი მხრიდან ეს იქნება იმის დამადასტურებელი, რომ ამ ინიციატივას ნამდვილად დიდი ინტერესი და მხარდამჭერა აქვს, და ეს არის პრინციპული საკითხი“ – განაცხადა ჩუგოშვილმა.
როგორც კუბლაშვილმა განაცხადა, ე.წ. „must carry“–ის ვარიანტი არც ერთ ევროპულ ქვეყანაში და არც აშშ–ში არ მოქმედებს.
„მუდმივი საუბრები იმის შესახებ, რომ ხელისუფლებამ არ გაიზიარა ევროპასა და ამერიკაში მოქმედი მოდელი, უნდა დასრულდეს. ახალი ვალდებულებების შემოღება საკაბელოებისთვის შეზღუდავს როგორც კონკურენციას, ისე ინოვაციების საშუალებას ამ სფეროში“ – განაცხადა კუბლაშვილმა.
მისი თქმით, საკაბელო მაუწყებლებმა თავად უნდა გადაწყვიტონ როგორი იქნება მათი პოლიტიკა.
