პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ დაბა ჩოხატაურში იუნკერ მაკარ ბურჭულაძის მემორიალური დაფა და მისივე სახელობის ქუჩა გახსნა.
"21 წლის ახალგაზრდა კოჯორ-ტაბახმელასთან 1921 წლის თებერვალში გმირულად დაიღუპა. ამ პატარა, 21 წლის ბიჭმა თავისი ჭკუითა და ნიჭით მაშინდელ დროში სოფელ სამებიდან სწავლა თბილისის გიმნაზიაში და შემდეგ მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე გააგრძელა. შემდეგ ეს ყველაფერი უყოყმანოდ მიატოვა როდესაც საქართველოს გაუჭირდა. იბრძოლა და გმირულად დაიღუპა საკუთარი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის" - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად იუნკერის საფლავთან სოფელ სამების სკოლის პედაგოგები და მოსწავლეები იმყოფებოდნენ, რომლებმაც დავით ბაქრაძეს საკუთარი სკოლისთვის იუნკერ მაკარ ბურჭულაძის სახელის მინიჭება სთხოვეს. პარლამენტის თავმჯდომარე მათ თხოვნის შესრულებას დაჰპირდა.
დღეს, პარლამენტის თავმჯდომარე ჩოხატაურის მოსახლეობასაც შეხვდა. დავით ბაქრაძე ჩოხატაურელებს 2012 წელს გურიაში დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ესაუბრა. მოსახლეობამ ყურადღება ძირითადად სოციალურ პრობლემებზე გაამახვილა და პარლამენტის თავმჯდომარეს ჩოხატაურის რაიონის გაზიფიცირების პრობლემის გადაჭრა სთხოვა.
ჩოხატაურის რაიონის შემდეგ პარლამენტის თავმჯომარე ოზურგეთის რაიონს ეწვია და სოციალურად დაუცველი მოზარდებისთვის "დღის სახლი" გახსნა, სადაც ბავშვები დღის განმავლობაში განათლებას მიიღებენ და უზრუნველყოფილნი იქნებიან საკვებით. "დღის სახლის" აღსაზრდელები შემოქმედის ეპარქიის მიტროპოლიტმა იოსებმა დალოცა.
