საპარლამენტო უმრავლესობის განცხადებით, საჯარო ინფორმაციის მიღების ფორმასთან დაკავშირებით მოქალაქეს არჩევანის შესაძლებლობა ექნება.
ამის შესახებ განცხადება პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ კახა ანჯაფარიძემ გააკეთა. მას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელმა თათული თოდუამ მიმართა და პროექტში შესაბამისი რეგულაციის არსებობა მოიკითხა.
"საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში" ცვლილებების პროექტის მიხედვით, ადმინისტრაციულ ორგანოს შეეძლება ნებისმიერი ინფორმაცია ან დოკუმენტი მიიღოს, გამოსცეს ან გასცეს მართვის ერთიანი ავტომატური საშუალებების გამოყენებით, ელექტრონული ასლის სახით შეინახოს და გასცეს თავის მიერ შექმნილი ან თავისთან დაცული ნებისმიერი დოკუმენტი.
კანონპროექტთან დაკავშირებით შენიშვნა საიამ პროექტის მეორე მოსმენის დროსაც გამოთქვა და შესაბამისი წინადადებაც შეიტანა. კახა ანჯაფრიძემ საიას კიდევ ერთხელ მისცა პირობა, რომ მათი მოსაზრება კანონპროექტში აუცილებლად აისახება.
კანონპროექტის ავტორი მთავრობის კანცელარიაა, ინიციატორი – მთავრობა.
