ნონა გაფრინდაშვილი -„სახალხო კრება“ არჩევნებში არ მონაწილეობს, თუმცა, პოლიტიკაში რჩება
ნონა გაფრინდაშვილი -„სახალხო კრება“ არჩევნებში არ მონაწილეობს, თუმცა, პოლიტიკაში რჩება
14:48 14.06.2012
„სახალხო კრება“ არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებს, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მასში გაერთიანებული პოლიტიკური სუბიექტები არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად ალიანსს შექმნიან, ისინი „ქართულ ოცნებას“ ხელს არ შეუშლიან.

ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე „სახალხო კრების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნონა გაფრინდაშვილმა განაცხადა. მისი განმარტებით, ალიანსი იმ ელექტორატზე იმუშავებს, რომელიც არჩევნებზე მისვლას არ აპირებს და არც გამოკვეთილი პოლიტიკური სიმპათია გააჩნია.

როგორც გაფრინდაშვილმა აღნიშნა, ეს ხმები სახელისუფლებო არ არის და არც ერთ შემთხვევაში არ უნდა დაიკარგოს.

მისი თქმით, ალიანსის შექმნასთან დაკავშირებით კონსულტაციები მიმდინარეობს, თუმცა, გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული.

„ალიანსის შექმნა რომც გადაწყდეს, ეს „ქართული ოცნებისთვის“ ხელისშემშლელი ფაქტორი არ იქნება და არც იმისკენ იქნება მიმართული, რომ ნეიტრალურ ამომრჩეველზე იმუშავოს. ასეთი კი, დაახლოებით 15-20%-ია“-განაცხადა გაფრინდაშვილმა და აღნიშნა, რომ ალიანსის შექმნის შემთხვევაში, შესაძლოა, საჭირო გახდეს „ქართულ ოცნებასთან“ მოსაზრებებისა და მოქმედებების შეჯერება, ერთმანეთისთვის ხელის უნებლიე შეშლის თავიდან ასაცილებლად და ხელისუფლების წინააღმდეგ მაქსიმალური რაოდენობის ხმების მოსაპოვებლად.

გაფრინდაშვილმა „სახალხო კრების“ გეგმებზე საუბრისას ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჯგუფი, რომელიც აღმასრულებელი საბჭოს სახით არის დარჩენილი, არსად წასვლას არ აპირებს და ქვეყნის ინტერესების გამო პოლიტიკაში რჩება.

„მიგვაჩნია, რომ ქვეყანა ყოფნა-არყოფნის ზღვარზეა და მას გადარჩენა სჭირდება, ამიტომ ვართ ჩართული პოლიტიკურ პროცესებში, თუმცა, არ გვაინტერესებს არც სახელისუფლებო ადგილები და არც პოლიტიკური დივიდენდები. ყველაფერს გავაკეთებთ, რაც საჭირო იქნება არსებული რეჟიმის დასამარცხებლად“-განაცხადა გაფრინდაშვილმა და დასძინა, რომ „სახალხო კრებას“ 10%-იანი რეიტინგი აქვს.






ბეჭდვა