კოალიცია „ქართული ოცნების“ სამტრედიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ფეხბურთელი კახა კალაძე აცხადებს, რომ ხელისუფლება
მის წინააღმდეგ ახალი შავი პიარკამპანიის დაწყებას აპირებს.
კალაძის მიმართვა „ფეისბუქში“ ივანიშვილის გვერდზე გამოქვეყნდა.
„ბოლო თვეების მანძილზე, ხელისუფლებისაგან მართული ჯიბის ტელევიზიებით, ჩემი მისამართით წამოვიდა შავი პიარის უზარმაზარი ტალღა. მართალია ბევრს ეცადნენ, მაგრამ ვერაფერს მიაღწიეს, თუმცა, თავიდანვე მათ გასაგონად ვაცხადებდი, რომ პატიოსნად ვცხოვრობდი და ტყუილად ხარჯავდნენ დროს, ენერგიას და ფინანსებს“ - აცხადებს კალაძე.
მისი თქმით, გაირკვა, რომ ხელისუფლება კიდევ ერთი მსგავსი კამპანიის წამოწყებას აპირებს და ამისთვის თავისი წარმომადგენელი იტალიაში უკვე გაგზავნილი ჰყავდა.
„აპირებენ სიცრუის მანქანის ახლებურად დაქოქვას და ამისთვის შსს-ს უკვე მივლინებული ჰყავდა თავისი წარმომადგენელი იტალიაში. მინდა აგონიაში ჩავარდნილი ხელისუფლების გასაგონად კიდევ ერთხელ ხმამაღლა გავიმეორო, რომ ჩემი წარსული არის სუფთა და თქვენს მიერ მოგონილი ბინძური ცილისწამების ჭიქაში ატეხილ ქარიშხლის არავის სჯერა“ - ნათქვამია კალაძის მიმართვაში.
იგი აღნიშნავს, რომ საქართველოს მოსახლეობის ბრძოლა დემოკრატიისთვის, ქვეყნის ნათელი მომავლისა და ერთიანობისთვის გადამწყვეტ ფაზაში შედის და,,ქართული ოცნების“ ახდენას ვერანაირი შანტაჟი, პროვოკაცია და ცილისწამება ვერ შეაჩერებს.
