მინდია გულუა პოლიციის მაღალჩინოსნებს ბრალს სდებს
მინდია გულუა პოლიციის მაღალჩინოსნებს ბრალს სდებს
13:37 14.06.2012
პარტია „განახლებული საქართველოს“ მრჩევლის საერთაშორისო საკითხებში მინდია გულუას მტკიცებით, 20-30 ივნისის პერიოდში, საქართველოს  ხელისუფლება მისი პარტიის რამდენიმე ლიდერის დაკავებას გეგმავს. ამის შესახებ მან პარტიის ოფისში სკაიპ-კონფერნციაზე განაცხადა.
როგორც გულუამ აღნიშნა, პარტიის წევრების დაკავება მაისის ბოლოს, შინაგან სამეთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე დაიგეგმა, რომელსაც, მინისტრის მოადგილე ამირან მესხელი და რამდენიმე დეპარტამენტის უფროსი, მათ შორის, დევი ჭელიძე, დათა ახალაია, გელა მაზნიაშვილი ესწრებოდნენ.
მისი განცხადებით, იგეგმება პარტიის რეგიონალური სამსახურის უფროსის ლაშა გვასალიას, თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის გიორგი ოძელის, ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელის სოსო გიორგაძის და სხვა წევრების დაკავება.
გულუას თქმით, მიზანი მათი დაშინებაა. „სურთ დააშინონ ჩვენი პარტიის წევრები და მიაცემინონ ჩვენება, თითქოს, მინდია გულუა რუსეთის აგენტია“-განაცხადა მან.
გულუამ აღნიშნული ინფორმაციის წყარო არ დაასახელა.
მისი განმარტებით, იმ შემთხვევაში თუ ინფორმაცია მის ყურამდე მიაღწევდა, ყველაფერი ბიძინა ივანიშვილისთვის უნდა გადაებრალებინათ.
„თუ ინფორმაცია გავიდოდა, უნდა ეთქვათ, რომ ეს ყველაფერი ბიძინა ივანიშვილის მიერ იყო შეკვეთილი“ - განაცხადა მან და აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ის და ივანიშვილი პოლიტიკური ოპონენტები არიან, არ სჯერა, რომ ის ასეთ რამეს იკადრებდა.
გულუას თქმით, 20 ივნისიდან ის მსოფლიოს რამდნეიმე ქვეყანაში ტურნეს იწყებს, გეგმავს შეხვედრებს პრეზიდენტებთან, სადაც აღნიშნულ საკითხს შეეხება.

ბეჭდვა