პრეზიდენტი ქუთაისის საოპერო დასს ხელფასების გაზრდას პირდება
პრეზიდენტი ქუთაისის საოპერო დასს ხელფასების გაზრდას პირდება
09:50 14.06.2012
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში  ქუთაისის საგანმანათლებლო და კულტურულ მნიშვნელობაზე ისაუბრა და ოპერის თანამშრომლებისათვის ხელფასების გაზრდის შესახებ განაცხადა.
სააკაშვილი მეუღლესთან ერთად ზაქარია ფალიაშვილის ოპერას „დაისს“ დაესწრო.
როგორც პრეზიდენტის პრესსამსახური იუწყება, სპექტაკლზე მისვლის პირობა დასის წევრებს სააკაშვილმა რამდენიმე დღის წინ მისცა, როდესაც რეპეტიციაზე მოულოდნელად მივიდა.
„ქუთაისი აღარ არის ისეთი ქალაქი, როგორიც ის წინა მთავრობის დროს წარმოედგინათ. ოპერის ეს, პრაქტიკულად, ახალი თეატრი ქუთაისისა და მთლიანად ამ რეგიონის აღორძინების სიმბოლოა. ქუთაისის ოპერის თეატრი მარტო ოპერა არ არის. ჩვენ ახლა მთლიანად ვაახლებთ ინსტრუმენტებს და უკვე დავავალე, რომ ხელფასებიც გაზარდონ“ - განაცხადა სააკაშვილმა.
მისი თქმით, ეს არ ხდება მხოლოდ ქუთაისში და წელს ფოთის ახალი თეატრის მშენებლობა დასრულდება. ასევე, დაიწყება ოზურგეთის თეატრის აღდგენა. ბათუმის თეატრი, სააკაშვილის თქმით, ზაფხულში გაიხსნება და პირველ სრულფასოვან ოპერას აგვისტოში დადგამს.
ამასთანავე, პრეზიდენტი თეატრების დასებს დახმარებას დაპირდა.
„სად გსმენიათ, რომ ერთ ქვეყანაში რამდენიმე საოპერო დასი იყოს, მით უმეტეს ასეთ პატარა ქვეყანაში? ჩვენთან კი, რამდენიმე ძალიან მაგარი საოპერო თეატრია. საქართველოს მასშტაბის ქვეყანა, შესაძლოა, მსოფლიოში მარტო ავსტრიაა. ესეც იმას მიანიშნებს, რომ ყველა პრობლემის მიუხედავად, საქართველოში დიდი აღორძინების პერიოდია“ - განაცხადა სააკაშვილმა.
მისი თქმით, გაჭირვების მიუხედავად ქართველებისთვის კულტურას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.
ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში 43-ე სეზონი მიმდინარეობს.
ქუთაისის საოპერო დასმა სამმოქმედებიანი სპექტაკლი განახლებულ დარბაზში მესამედ წარმოადგინა.

ბეჭდვა