პარტია „თავისუფალი საქართველოს“ დედოფლისწყაროსა და გურჯაანის ორგანიზაციებში მიაჩნიათ, რომ პრეზიდენტის კახეთში ვიზიტი ხალხისთვის მხოლოდ თვალის ახვევა და პიარკამპანიაა.
აღნიშნულთან დაკავშირებით, პარტიის გურჯაანის და დედოფლისწყაროს ორგანიზაციების ხელმძღვანელებმა ერთობლივი ბრიფინგი გამართეს.
მათი ინფორმაციით, სხვადასხვა საბიუჯეტო ორგანიზაციებს დავალებული ჰქონდათ, რომ გურჯაანში იუსტიციის სახლის გახსნაზე ათ-ათი ადამიანი მიეყვანათ.
„რა თქმა უნდა, ახალი სამშენებლო ნაგებობა რაიონის იერ–სახეს გაალამაზებს, მაგრამ მთავარი საკითხი, რაც ამჟამად გურჯაანის მოსახლეობას აწუხებს, ეს სტიქიით მიყენებული ზარალია. გაჭირვებული მოსახლეობის ზარალის ანაზღაურებაზე საერთოდ არ ზრუნავს არც ადგილობრივი და არც ცენტრალური ხელისუფლება“ – აღნიშნა პარტია „თავისუფალი საქართველოს“ გურჯაანის რაიონული ოფისის ხელმძღვანელმა გიორგი ქოროღლიშვილმა.
მისივე თქმით, პრეზიდენტმა დედოფლისწყაროში ფერმერთა მომსახურების ახალი ცენტრიც დაათვალიერა, თუმცა, ქოროღლიშვილის ინფორმაციით, ხალხი აღნიშნავს, რომ ეს მომსახურება მათთვის ხელმიუწვდომელი იქნება, რადგან სოფელ ზემო ქედში 1 ჰექტარი მიწის დამუშავებას და იქიდან ტრაქტორის ჩამოყვანას 120 ლარი სჭირდება. ადგილობრივი ტრაქტორით კი - 80 ლარი.
პარტია „თავისუფალი საქართველოს“ დედოფლისწყაროსა და გურჯაანის ორგანიზაციებში აცხადებენ, რომ პრეზიდენტის რჩევა სოფლის მეურნეობის მინისტრის ზაზა გოროზიას მიმართ - ფერმერთა ცენტრებში სხვადასხვა სოფლებიდან ექსკურსიების მოწყობის შესახებ, აბსურდი და ხალხის დაცინვაა.
