"ქართული დასის" ლიდერი ჯონდი ბაღათურია მოსამართლეთა თავისუფლების გაძლიერების მომხრეა, თუმცა, მიაჩნია რომ მოსამართლეებს ინდულგენციის განცდა არ უნდა ჰქონდეთ.
აღნიშნული განცხადება ბაღათურიამ დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გააკეთა. კომიტეტი "საერთო სასამართლოების შესახებ" ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანაზე მსჯელობდა.
"მოსამართლეთა თავისუფლებისა და იმუნიტეტის გაძლიერების მომხრე ვარ, მაგრამ კანონის არასწორმა ინტერპრეტაციამ ზოგიერთ უსინდისო მოსამართლეში შეიძლება ინდულგენციის განცდა გააჩინოს" – აღნიშნა ბაღათურიამ.
"ქართული დასის" ლიდერმა კომიტეტის სხდომაზე ისიც აღნიშნა, რომ უზენაესმა სასამართლომ 2009 წლის სტატისტიკა მიაწოდა რომლის თანახმადაც, სისხლის სამართლის საქმე 18 ათას 354 პირის მიმართ იქნა აღძრული და მხოლოდ 18–ის მიმართ იქნა გამამართლებელი განაჩენი გამოტანილი.
ბაღათურიას განცხადებით მან 2010 წლის სტატისტიკაც მოითხოვა, მაგრამ ვერ მიიღო. ბაღათურიას ხელთ არსებული ინფორმაციით, 2010 წელს გამამართლებელი განაჩენების კუთხით მდგომარეობა გაუარესდა.
ბაღათურიას ამ განცხადებას იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ჩიორა თაქთაქიშვილი არ დაეთანხმა. მისი თქმით, 2010–2011 წელს გამამართლებელი განაჩენები გაიზარდა.
