კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი, ადვოკატი ეკა ბესელია მისი უფლებამოსილების შესახებ აღსრულების ეროვნული სამსახურისთვის კონსულტაციის გაწევას არ აპირებს,
იმ შემთხვევაში თუ, ბიძინა ივანიშვილი სასამართლოს მიერ დაკისრებულ 149 მილიონამდე ლარის გადახდაზე უარს იტყვის. ამის შესახებ ბესელიამ დღეს ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა.
რაც შეეხება საქმესთან დაკავშრებით, ადვოკატების სამოქმედო გეგმას, ბესელიას თქმით, ეს ხელისუფლების ნაბიჯებზე იქნება დამოკიდებული.
ადვოკატის განცხადებით, ხელისუფლება, ბოლო დროს, ყველა სამართლებრივ ჩარჩოს გასცდა და ამიტომ, პროგნოზის გაკეთება რთულია.
„არ მაქვს განცდა, რომ შვიდი დღის შემდეგ, ხელისუფლების რეაგირება სახდელებთან დაკავშირებით, სამართლებრივი ნორმებით მოხდება. ველი, რომ მათი ქმედება ისევე გასცდება სამართლებრივ ჩარჩოს, როგორც ეს აქამდე იყო. ამიტომ, უმჯობესი იქნება დაველოდოთ თავად ხელისუფლება რას მოიმოქმედებს და ამის შემდეგ ვიმოქმედოთ“-განაცხადა ბესელიამ და აღნიშნა, რომ არ აპირებს კონსულტაცია გაუწიოს აღსრულების ეროვნულ სამსახურს მის უფლებამოსილებასთან დაკავშირებით.
„მათ საქმიანობას კანონი არეგულირებს და იმედია მასში ხანდახან მაინც ჩაიხედავენ“-განაცხადა ადვოკატმა.
მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილმა უკვე განაცხადა, რომ სასამართლოს ორივე გადაწყვეტილება უკანონოა და მხოლოდ ანგარიშსწორების შესახებ ხელისუფლების სურვილს ეყრდნობა. ამიტომ, ის სასამართლოს მიერ დაკისრებული თანხის გადახდას არ აპირებს.
მისივე თქმით, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრდა და კოალიცია ყველა სამართლებრივ ბერკეტს გამოიყენებს რათა, საქალაქო სასამართლოს შეცდომა შემდგომმა ინსტანციებმა მაინც გამოასწორონ.
საქალაქო სასამართლომ 11 ივნისს სამართალდარღვევის ორი აქტი განიხილა, ბიძინა ივანიშვილი სამართალდამრღვევ სუბიექტად ცნო და ჯამში 149 მილიონამდე ლარის გადახდა დააკისრა.
