„დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო“ საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს ქვეყანაში შექმნილი საარჩევნო და მედიაგარემოს ადეკვატური შეფასებისკენ მოუწოდებს.
ამის შესახებ განცხადებას „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ მთავარი საბჭო ავრცელებს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად, არსებულმა ხელისუფლებამ ტერორი და ზეწოლა როგორც რეალურად ოპოზიციურ პარტიებზე, ასევე მცირედ შემორჩენილ ობიექტურ მედია საშუალებებსა და ჟურნალისტებზე გააძლიერა.
„დემოკარტიული მოძრაობის“ მთავარი საბჭოს ცნობით, ბოლო 3 თვის განმავლობაში ხელისუფლების მხრიდან ჟურნალისტებზე ზეწოლის 30-ზე მეტი ფაქტი დაფიქსირდა, რომელთა გამოძიებას უშედეგოდ ითხოვს როგორც უცხოური, ასევე ქართული უფლებადაცვითი და არასამთავრობო ორგანიზაციები.
მოძრაობის მთავარი საბჭოს წევრთა განცხადებით, იმაზე, თუ რამდენად დემოკრატიული და თავისუფალი არჩევნების ჩატარებას აპირებს დღევანდელი ხელისუფლება ის ფაქტიც მეტყველებს, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტში აიკრძალა რადიოს მოსმენა, სასამართლომ კი - „გლობალ ტვ“-ის საქართველოს მასშტაბით დამონტაჟებული მისი ყველა ანტენის დემონტაჟი დააკისრა.
„დემოკრატიული მოძრაობა“ მიმართავს საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს და ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას, ადეკვატური შეფასება მისცენ საქართველოში შექმნილ უმძიმეს საარჩევნო გარემოს და ხელისუფლების მიერ ისედაც მცირედ არსებულ დამოუკიდებელ მედია საშუალებებზე პირდაპირ ტერორს“ - ნათქვამია მოძრაობის განცხადებაში და განმარტებულია, რომ დროა, რეალურად ოპოზიციურმა პოლიტიკურმა ძალებმა საფრთხის თავიდან აცილებისთვის იზრუნონ და ხმამაღლა განაცხადონ, რომ ისედაც უმძიმესი საარჩევნო გარემო ყოვედღიურად მძიმდება.
