ბელგრადში, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (BSEC) წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს (CMFA) სხდომაზე საგარეო
საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანია სიტყვით გამოვიდა.
მინისტრის მოადგილემ რეგიონში ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების საკითხში BSEC-ის როლზე ისაუბრა და ყურადღება სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების აუცილებლობაზე გაამახვილა, რაც მისი თქმით, წარმატებული რეგიონალური ეკონომიკური თანამშრომლობის წინაპირობაა.
ჯალაღანიამ ასევე ისაუბრა შავი ზღვის რეგიონის მნიშვნელობაზე კასპიისა და ცენტრალური აზიის ენერგორესურსების ევროპისთვის მიწოდების დივერსიფიცირების საქმეში და აღნიშნა, რომ სამხრეთ დერეფნის ფარგლებში არსებული ენერგო პროექტები ევროპული ენერგომომარაგების დივერსიფიცირების კარგი შესაძლებლობაა.
მისივე თქმით, BSEC-ში არსებული კონფლიქტები და პოლიტიკური უთანხმოებები ხელს უშლის წარმატებული ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებას და იმედი გამოთქვა, რომ BSEC-ი ყურადღებას გაამახვილებს წევრ ქვეყნებს შორის არსებული პოლიტიკური უთანხმოებების გადაწყვეტაზე და აღნიშნულ პრობლემებზე კონსულტაციების ქმედით მექანიზმებს შეიმუშავებს.
BSEC-ის მომავალ საქმიანობასთან დაკავშირებით მინისტრებმა შესაბამისი რეზოლუციები, გადაწყვეტილელები და რეკომენდაციები მიიღეს.
საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, მინისტრის მოადგილემ, ასევე ორმხრივი შეხვედრა სერბეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, ზდრავკო პონოშთან გამართა. შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი და რეგიონალური თანამშრომლობის საკითხების ფართო სპექტრი განიხილეს.
