საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განათლებისა და მეცნიერების მინისტრთან
ალექსანდრე ჯეჯელავასთან ერთად პედაგოგებთან შეხვედრა გამართა. თავდაპირველად გიორგი კვირიკაშვილმა მასწავლებლებს სიტყვით მიმართა და მათ უმნიშვნელოვანეს როლს ხაზი გაუსვა.
,,მინდა, დაგიდასტუროთ უდიდესი პატივისცემა და გითხრათ, რომ თქვენი ჩართულობის გარეშე განათლების, პოლიტიკისა და განათლების სისტემის გაუმჯობესების მიმართულებით, ნაბიჯი არ იქნება გადადგმული. ეს არის ჩვენი მთავარი გზავნილი დღეს’’ - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერმა პედაგოგებს.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ პედაგოგის მოღვაწეობის სირთულე მისთვის უცხო არ არის, რადგან ოჯახში ორი პედაგოგი ჰყავდა - დედა და ბებია.
"ბებია, ბევრი ათწლეულის განმავლობაში, კომაროვის სკოლაში მათემატიკის პედაგოგი გახლდათ, დედა - უნივერსიტეტის პროფესორი. დედა ცოცხალი აღარ არის, ბებია - 95 წლის არის და ჩემთან ცხოვრობს. არაერთხელ მინახავს ის, საკონტროლო რვეულების გასწორების დროს, ჩამოძინებული ღამის 02:00 საათზე, მას შემდეგ, რაც მე და ჩემს ძმას უკვე გვამეცადინებდა ხოლმე. ასე, რომ ძალიან კარგად ვიცი, რამხელა შრომაა, რამხელა თავდადებაა და მინდა, დიდი პატივისცემით, ქედი მოვიხარო ყველა თქვენგანის წინაშე", - მიმართა პრემიერმა პედაგოგებს.
გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მთავრობისთვის, განათლება, სიტყვით და საქმით, პირველ პრიორიტეტად იქცა და ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა იგეგმება .
პრემიერის შეფასებით განათლების მნიშვნელობა წამოწეულიყო ამისთვის ბევრი რამ გაკეთდა.
მთავრობის მეთაურმა ყურადღება სისტემის დეპოლიტიზაციის მნიშვნელობაზე გაამახვილა.
"არ შეიძლება, სკოლებში, უნივერსიტეტებში, ხალხი დავაზომბიროთ და მათი აზროვნება ერთი მიმართულებით წავიყვანოთ. მოქალაქეობრივი პოზიცია ყველას აქვს, მაგრამ, ვინაიდან საქართველოში პოლიტიკა სამწუხაროდ ჯერ კიდევ დაპირისპირებასა და კონფრონტაციასთან ასოცირდება, ჩვენი მიზანია, პოლიტიკა სკოლასა და განათლების სისტემას მაქსიმალურად მოვაშოროთ. ვიცი, რომ წინასაარჩევნო პერიოდია, მაგრამ მე ამის თქმის არ მეშინია, რადგან ჩვენი სიძლიერე ამაში უნდა იყოს; ჩვენი სიძლიერე უნდა იყოს იმაში, რომ ჩვენ ფოკუსირება განათლების ხარისხზე მაქსიმალურად შევძლოთ.
ჩვენ ოთხი წლის წინ მიზნად დავისახეთ, რომ განათლებაში ხარისხის აწევასთან ერთად, თეორიული და პრაქტიკული მომზადება პრიორიტეტად დაგვეყენებინა; ასევე, მიზნად დავისახეთ, პატრიოტული სულისკვეთების განვითარება სკოლებში, ზოგადსაკაცობრიო ფასეულობების გაზიარება და მოქალაქედ ჩამოყალიბება. ვაცნობიერებთ, რომ საუბარი ამაზე სკოლის ასაკიდანვე უნდა დაიწყოს .
დაფინანსება მნიშვნელოვნად გავზარდეთ. 348 მლნ ლარით სკოლების დაფინანსება გაიზარდა; დაფინანსების ზრდამ 54%-ს გადააჭარბა და 2016 წელს, ამ მიმართულებით, 572 მილიონი ლარი შეადგინა", - განაცხადა პრემიერმა და აღნიშნა, რომ დაფინანსებით, განათლება გახდება ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი.
მთავრობის მეთაურის თქმით, გაიზარდა და კიდევ იზრდება პედაგოგების ხელფასები; 2017 წლიდან საშუალო ხელფასი 800 ლარი გახდება , რაც ძალიან მნიშვნელოვანია და ამ მიმართულებით სვლა გაგრძელდება.
პრემიერის შეფასებით, ცენტრალური ფიგურა მოსწავლე, სტუდენტი და მკვლევარი უნდა გახდეს და მასზე იყოს ორიენტირებული მთელი სისტემა, სამინისტრო და მთავრობა.
გიორგი კვირიკაშვილის თქმით, მთავრობამ სახელმძღვანელოებით მოსწავლეთა უფასოდ უზრუნველყოფა შემოიღო, სოფლად ტრანსპორტირება აღადგინა, სადაც ბავშვებსა და პედაგოგებს რამდენიმე კილომეტრის ფეხით გავლა უწევდათ; სოფლებში კი, სადაც ბავშვები სკოლაში არ დადიოდნენ, დღეს დასწრება 95%-ზე მეტად გაიზარდა, რაც ძალიან დიდი მიღწევაა.
"ჩვენ დღეს ახალი სტრატეგიის შემუშავების პროცესში ვართ და უმთავრესი, რაც მინდა, გითხრათ, აღარ გვინდა, სიტყვა რეფორმა სადამსჯელო სიტყვად იქცეს; გვინდა, ეს სიტყვა დადებით ცვლილებებთან იყოს ასოცირებული, რომლებიც უპირველეს ყოვლისა, თქვენგან იქნება მოწონებული, ყველა თქვენგანთან შეთანხმებული, ჩვენ გვინდა თქვენი აზრის გათვალისწინებით და თქვენი ჩართულობით გაკეთებული რეფორმა. არ გვსურს, თავს ჩვენი აზრები მოგახვიოთ, რომელიც არ იქნება თანხვედრაში თქვენს გამოცდილებასთან; თქვენი გამოცდილება უნდა იყოს ამოსავალი ნებისმიერი ნაბიჯისა, რომელსაც მომავალში გადავდგამთ. ამას დღევანდელი შეხვედრაც ემსახურება, რომ თქვენი მოსაზრებები ჩვენს მომავალ საქმიანობაში მოვისმინოთ და გავითვალისწინოთ " - მიმართა პრემიერმა პედაგოგებს.
გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, ასევე მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო სკოლებში ფსიქოლოგის სამსახურის დანერგვა, ექიმის მომსახურების, სპორტის და ფიზიკური აღზრდის აღდგენა, რაც კიდევ უფრო გაფართოვდება და ხელმისაწვდომი გახდება.
მთავრობის მეთაურმა ასევე განსაკუთრებით ინკლუზიური განათლება აღნიშნა, რომელიც მომავალი პოლიტიკის ერთ-ერთი ცენტრალური მიმართულება იქნება, რადგან განათლება ყველასთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს.
გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, განათლების მინისტრს აქვს კარგი იდეები სისტემაში ახალი ტექნოლოგიების შემოტანასთან დაკავშირებით, რაც პედაგოგების საქმიანობას გაამარტივებს, მათ შორის, თავისუფალი გაკვეთილის ცნების შემოღებაც იგეგმება.
"ეს ყველაფერი იქნება მხოლოდ იმისთვის, რომ თქვენი საქმიანობა გავაადვილოთ, რომ სასწავლო პროცესი უფრო საინტერესო, მიმზიდველი გახადოთ და მოსწავლეებისთვის, სკოლა გახდეს ადგილი, სადაც ეხალისებათ მისვლა, სადაც არა მხოლოდ განათლებას მიიღებენ, არამედ ადამიანური საუბარი ექნებათ თავიანთ პედაგოგებთან ყველაფერზე, რაც მათ აწუხებთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ამისთვის, თავისუფალი გაკვეთილების ინსტიტუტის დანერგვა იგეგმება, რათა თემების ფართო სპექტრი იყოს განხილული ბავშვებსა და პედაგოგებს შორის. ყველა ამ ნაბიჯის შედეგად ჩვენ უნდა მივიღოთ განათლების ხარისხის აწევა, ასევე, მივეხმაროთ პედაგოგებს გადამზადებაში; ჩვენ არ უნდა გავხადოთ გამოცდები და ტესტირებები სადამსჯელო მექანიზმი პედაგოგებისთვის, პირიქით, პედაგოგს უნდა ჰქონდეს წინასწარი პროცედურა გავლილი, რომ შემდეგ მას ეხალისებოდეს ამაღლებული კვალიფიკაციის დადასტურება და არა ის, რომ შიშით ელოდებოდეს ამას. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ამას მივაღწევთ. მასწავლებლის პროფესია, როგორც ერთ-ერთი ცენტრალური, სტრატეგიული და ქვეყნის მომავლის განმსაზღვრელი ადამიანის პროფესია, უნდა გავხადოთ ყველაზე საამაყო და პრესტიჟული. ეს არის ჩვენი მიზანი და დარწმუნებული ვართ, ამას მივაღწევთ", - განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის ინფორმაციით, პრიორიტეტად სასკოლო ინფრასტრუქტურის განახლება დარჩება. 1600-მდე საჯარო სკოლა უკვე აღდგენილია, 10 ახალი სკოლა დასრულების ეტაპზეა, ხოლო 10 - გაიხსნა; აშშ-ის მთავრობის თანადგომით, მომავალ წელს 100-მდე საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია და აღჭურვა საბუნებისმეტყველო ლაბორატორიებით იგეგმება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია სწავლის ხარისხის გასაუმჯობესებლად; უკვე დასრულებულია 12 ასეთი ლაბორატორია.
პრემიერ-მინისტრმა, ასევე 90-იანი წლების შესახებ ისაუბრა, როდესაც პედაგოგიურმა საზოგადოებამ მძიმე დღეები გაიარა და აღნიშნა, რომ ამ დროს, სკოლაში მისი შვილები სწავლობდნენ.
„ძალიან კარგად მახსოვს ირანული ქურებით გამთბარი კლასებიც, უკაცრავად, მაგრამ პედაგოგებიც, რომლებსაც საკვების პრობლემაც კი ჰქონდათ, ელემენტარული პრობლემები ჰქონდათ, მაგრამ ისეთივე თავგამოდებით და ენერგიულად ასწავლიდნენ ჩვენს მომავალ თაობას და სწორედ ამის ხარჯზე, ჩვენ არ გვქონდა წყვეტა განათლებაში. ამ ადამიანების ენერგიისა და ჯანმრთელობის ხარჯზეა ის, რომ დღეს ჩვენ გვყავს ახალგაზრდა თაობა, რომლითაც შეგვიძლია, ნამდვილად ვიამაყოთ. ამ შემთხვევაში, ეს ჩემი უფროსი შვილების თაობაა, რომლითაც ჩვენ, სამართლიანად ვამაყობთ. ამისთვის კიდევ ერთხელ დიდ მადლობას გიხდით, ფეხზე წამოდგომით და მინდა, ქედი მოვიხარო ყველა თქვენგანის წინაშე; მინდა, გითხრათ, რომ თქვენ ჩვენგან ნახავთ თავდადებას, დიდ პატივისცემას თქვენი პროფესიის მიმართ; სიტყვით და საქმით ნახავთ, რომ ჩვენ აბსოლუტურად ვაცნობიერებთ განათლების სისტემის მნიშვნელობას, რომ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, ნომერ პირველი პრიორიტეტი მთავრობისთვის და ეს იქნება სიტყვით, საქმით, დაფინანსებით, ყურადღებით და პატივისცემით“, - მიმართა პრემიერმა პედაგოგებს.
