საპარლამენტო ოპოზიცია მმართველ გუნდს მოუწოდებს ქალაქ ლაზიკას „მიშაპოლისი“ დაარქვან
საპარლამენტო ოპოზიცია მმართველ გუნდს მოუწოდებს ქალაქ ლაზიკას „მიშაპოლისი“ დაარქვან
19:19 12.06.2012
პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე დეპუტატთა შორის გაცხარებული დებატები გამოიწვია დღეს საკონსტიტუციო ცვლილების პროექტის განხილვამ,  რომელიც შავი ზღვის სანაპიროზე მშენებარე ქალაქ ლაზიკას სტატუსის განსაზღვარს ეხება.
დეპუტატებმა 106 ხმით ერთის წინააღმდეგ პროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირეს.
როგორც ფრაქცია „ქრისტიან–დემოკრატების“ წევრმა გიორგი თარგამაძემ განაცხადა, ლაზიკა მხოლოდ ერთი ადამიანის – მიხეილ სააკაშვილის სახელის უკვდავსაყოფად შენდება და მმართველ გუნდს შესთავაზა ლაზიკას ნაცვლად ქალაქს ან „მიშაბურგი“ ან „მიშაპოლისი“ დაარქვან.
„მას აქვს ერთადერთი სურვილი, რომ არქიტექტურულ სამშენებლო საქალაქო ძეგლი შევიდეს საქართველოს ისტორიაში და ის მის სახელთან იყოს დაკავშირებული. მას სურს უკვდავჰყოს საკუთარი სახელი ბიუჯეტის, ხალხის, ჩვენს ხარჯზე“ – განაცხადა თარგამაძემ.
ჯონდი ბაღათურიამ პარლამენტს მოუწოდა დაასრულონ პრეზიდენტის სიზმრების დაფინანსება.
„ეროვნულ–დემოკრატიული პარტიის“ წევრი, დეპუტატი გურამ ჩახვაძე ახალი ქალაქის მშენებლობის მომხრეა და აცხადებს, რომ მას მნიშვნელოვანი პოლიტიკური და ეკონომიკური დატვირთა ექნება.
„ქალაქის სტატუსი გულისხმობს თვითმმართველობას და მას ჩვენი მოქალაქეები დააკომპლექტებენ. ეს იქნება თვითმმართველობა, რომელსაც უფლება ექნება მიიღოს თავისი ნორმატიული აქტები და ეკონომიკური საქმიანობისთვის უფრო მეტი თავისუფლება ექნება მინიჭებული. ბუნებრივია, ეს სტატუსი გარკვეულ წილად ავტონომიას განსაზღვრავს“ – განაცხადა გურამ ჩახვაძემ.
ახალი ქალაქის სტატუსი კონსტიტუციაში შესაბამისი დებულებით უნდა განისაზღვროს, კერძოდ კონსტიტუციას დაემატება ჩანაწერი – ქალაქ ლაზიკას სტატუსი და უფლებამოსილებანი ორგანული კანონით განისაზღვრება.

ბეჭდვა