საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით დონდუამ ეუთო-ს გენერალურ მდივანთან,
ლამბერტო ზანიერთან შეხვედრა გამართა .
შეხვედრაზე საუბარი ეუთო-სა და საქართველოს შორის თანამშრომლობის საკითხებს და სამომავლო პერსპექტივებს შეეხო.
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გენერალურ მდივანს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების მხრივ არსებული მძიმე მდგომარეობის შესახებ. დავით დონდუამ ყურადღება გაამახვილა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მნიშვნელობაზე და აღნიშნული პროცესის ფარგლებში პროგრესის მიღწევის მნიშვნელობაზე, ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნა, იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნება და რუსეთის ფედერაციის მიერ ძალის არ გამოყენების ვალდებულების აღება.
შეხვედრაზე ასევე ხაზი გაესვა ეუთო-ს ჩართულობის გაზრდის მნიშვნელობას საქართველო-რუსეთის კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების პროცესში.
საუბარი აგრეთვე საქართველოში მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებს შეეხო.
ეუთო-ს გენერალურმა მდივანმა კმაყოფილებით აღნიშნა, რომ წინასაარჩევნო კამპანია უპრეცედენტოდ მშვიდ და ღია გარემოში მიმდინარეობს. დავით დონდუამ ლამბერტო ზანიერს საქართველოში ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის სადამკვირვებლო მისიის აქტიური მუშაობისათვის მადლობა გადაუხადა.
