არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები საპარლამენტო უმრავლესობასთან შეხვედრას გეგმავენ
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები საპარლამენტო უმრავლესობასთან შეხვედრას გეგმავენ
17:40 23.02.2012
კამპანია "ეს შენ გეხებას" ფარგლებში გაერთიანებული არასამთავრობო ორგანიზაციები საპარლამენტო უმრავლესობასთან შეხვედრას გეგმავენ. როგორც "ნიუსპრესს" არასამთავრობო  ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა განუცხადა ისინი შეხვედრის დანიშვნის თხოვნით პარლამენტს უახლოეს დღეებში მიმართავენ.
ეკა გიგაურის თქმით, არასამთავრობოები ხელისუფლების წარმომადგენლებთან საუბარს "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" კანონში შესულ ცვლილებებზე გეგმავენ, ასევე იმ ალტერნატიულ წინადადებებთან დაკავშირებით, რომლებიც მათ უკვე შეიმუშავეს და პარლამენტში წარადგინეს.
"წინადადებების პაკეტი განსახილველად საპარლამენტო კომიტეტებს მალე გადაეცემათ. ჩვენი მიზანია დეპუტატებს კარგად ავუხსნათ თუ რაში მდგომარეობს ჩვენს მიერ შემუშავებული წინადადებებისა და მათში გაწერილი მუხლების არსი" - განაცხადა ეკა გიგაურმა "ნიუსპრესთან" საუბრისას..
მისივე თქმით, არასამთავრობოები არა მხოლოდ ხელისუფლებას, არამედ იმ ყველა პოლიტიკურ გუნდს შეხვდებიან რომელიც მათ ინიციატივას მხარს დაუჭერს.
ოთხმა არასამთავრობო ორგანიზაციამ - "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ", "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ", "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ" (ISFED) და კოალიციამ "არჩევნის თავისუფლებისათვის" 2011 წლის დეკემბერში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები გააპროტესტეს და პარლამენტს მისი შეცვლისკენ მოუწოდებენ. მათ საკუთარი ალტერნატიული წინადადებების პაკეტი შეიმუშავეს, რომელიც საკანონმდებლო ორგანოს უკვე წარედგინა.


ბეჭდვა