პოლიტიკურ მოვლენებს საქართველოში არა მიხეილ სააკაშვილი, არამედ კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი მართავს.
ამის შესახებ დღეს ჟურნალისტებს პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს წევრმა გუგული მაღრაძემ განუცხადა.
მისი თქმით, მითი იმის შესახებ, რომ ოპოზიციას მხარდამჭერები მხოლოდ თბილისში ჰყავს, ხოლო ხელისუფლებას რეგიონებში, დაინგრა. მისივე თქმით, ქუთაისის აქციამ, ასევე, გაფანტა ეჭვი, რომ ხალხი დაშინებულია.
როგორც მაღრაძემ აღნიშნა, ხელისუფლების მხრიდან იყო ადამიანების დაშინების მცდელობა, კერძოდ, სამსახურიდან მათი გათავისუფლებისა და სიღარიბის პროგრამიდან ამოღების გზით.
„ქუთაისში აქციაზე სულ მცირე, 50-55 ათასი ადამიანი მაინც იყო. ბიძინა ივანიშვილი არის ადამიანი, რომელიც ხალხის ნდობას იმსახურებს“ - განაცხადა მაღრაძემ და დასძინა, რომ დაპირებები, რომელიც ივანიშვილმა ქუთაისში მისცა ხალხს, აწონილ-დაწონილი და რეალურად შესრულებადია.
