"ლეიბორისტული" პარტიის ორგანიზებით, დღეს ჯანდაცვის სამინისტროსთან საპროტესტო აქცია გაიმართა.
როგორც "ნიუსპრესს" "ლეიბორიტული პარტიის" ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი გუგავამ განუცხადა, აქციაზე ის "გენოციდური" პოლიტიკა გააპროტესტეს, რომელსაც ხელისუფლება ჯანდაცვის სფეროში არსებული მაღალი ფასებით ახორციელებს.
გიორგი გუგავას განცხადებით, საქართველოში მოქალაქეთა 75-80 პროცენტი სოციალური სიდუხჭირის გამო სამედიცინო მომსახურებით ვერ სარგებლობს, ამიტომ ისინი ყველა რეგიონში ერთი უფასო საავადმყოფოს გახსნას მოითხოვენ, სადაც მოქალაქეებს სახელმწიფოს ხარჯზე უფასო სამედიცინო მომსახურება გაეწევათ.
გუგავას თქმით, სახელმწიფოს საკმარისი რესურსი და თანხები აქვს იმისთვის, რომ ჯანდაცვაში არსებული პრობლემები მოაგვაროს.
"ევროპული მოდელია როცა მოქალაქეს არ აქვს საშუალება ისარგებლოს სამედიცინო მომსახურებით, მაშინ სახელმწიფო იღებს ვალდებულებას იზრუნოს მის ჯანმრთელობაზე. თუ გადასახადებში დაგვამსგავსეს ევროპას, მაშინ სოციალური დაცულობის ის ინსტიტუტებიც შემოიტანონ ქვეყანაში, რომელიც ევროპაში არსებობს" - განაცხადა "ნიუსპრესთან" საუბარში გუგავამ.
