დეპუტატებმა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა პარლამენტში კიბერუსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ინიციატივაზე იმსჯელეს.
დღევანდელი შეხვედრა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის შედგა.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის ჩიორა თაქთაქიშვილის განცხადებით, 2008 წლის რუსული აგრესიის შემდეგ ქვეყნის წინაშე კიბერუსაფრთხოების მხრივ ახალი საფრთხეები გამოიკვეთა. სწორედ ამიტომ გახდა საჭირო ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ კანონპროექტის შემუშავება.
იუსტიციის სამინისტროს მონაცემთა გაცვლის სააგენტოს იურისტ გიორგი ჯოხაძის განცხადებით, კანონპროექტით შემოდის ტერმინი "კრიტიკული ინფრასტრუქტურის სუბიექტი". ასეთი სუბიექტი სახელმწიფო ორგანო ან იურიდიული პირი იქნება რომლის უწყვეტი ფუნქციონირება ქვეყნის თავდაცვისა ან ეკონომიკური უსაფრთხოებისათვის, სახელმწიფო ხელისუფლების ან საზოგადოების ნორმალური ფუნქციონირებისათვის მნიშვნელოვანია. სავარაუდო სფეროებს შორისაა: საკვები პროდუქციის წარმოება და მომარაგება, სასმელი წყლის მართვის სისტემები, ჯანდაცვის მსხვილი ობიექტები, საგანგებო ვითარებათა სამსახურები, სამთავრობო უწყებები, საზღვარგარეთ საქართველოს წარმომადგენლობები, თავდაცვის სექტორში მომუშავე საწარმოები და მომარაგება, საინფორმაციო და სატელეკომუნიკაციო სექტორი, ენერგორესურსების მართვის სისტემები, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა, ქიმიურ ნივთიერებათა წარმოება და შენახვა, საფოსტო და გადაზიდევბის მომსახურება და საბანკო და საფინანსო სექტორი.
კრიტიკული ინფრასტრუქტურის სუბიექტებს ინფორმაციის უსაფრთხოების დაცვა დაევალებათ. ვალდებულები იქნებიან ჰყავდეთ ამაზე პასუხისმგებელი პირი და ანგარიშვალდებულნი გახდებიან მონაცემთა გაცვლის სააგენტოსთან. ამ სუბიექტების ჩამონათვალს პრეზიდენტი უშიშროების საბჭოს წარდგინებით დაამტკიცებს.
ახალი კანონპროექტის ინიციატორები დეპუტატები - კახა ანჯაფარიძე და ზვიად კუკავაა.
