საპარლამენტო არჩევნების დემოკრატიულად ჩატარება იყო კოალიცია „ქართული ოცნებისა“ და სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს სპეციალური წარმომადგენლის ჯეიმს აპატურაის შეხვედრის განხილვის მთავარი თემა.
კოალიციის ერთ-ერთი ლიდერის დავით უსუფაშვილის განცხადებით, ჯეიმს აპატურაიმ მათ განუცხადა, რომ ჩიკაგოს სამიტმა საქართველოს პრაქტიკულად ერთადერთი პირობა დაუყენა, ეს არის მომავალი არჩევნების მაღალი სტანდარტებით ჩატარება.
უსუფაშვილის თქმით, აპატურაი დეტალურად დაინტერესდა დღეს გამართული სასამართლო პროცესებით, რომელთა შედეგად, ბიძინა ივანიშვილს 150 მილიონამდე ჯარიმა დაეკისრა.
როგორც მან აღნიშნა, აპატურაის გაკვირვება სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების ასეთი სწრაფი ტემპით გამოტანამ გამოიწვია.
უსუფაშვილმა განმარტა, რომ ხელისუფლებამ და პრეზიდენტმა წონსაწორობა დაკარგეს და პოლიტიკურ ოპონენტებზე ზეწოლას ახორციელებენ. მისივე განმარტებით, კოალიცია წინააღმდეგობებისთვის მზად არის, თუმცა, პროცესში საერთაშორისო საზოგადოება დროულად უნდა ჩაერთოს.
