„ქართულმა ოცნებამ“ ჯეიმს აპატურაისთან ქვეყანაში არსებული ვითარების შესახებ ისაუბრა
„ქართულმა ოცნებამ“ ჯეიმს აპატურაისთან ქვეყანაში არსებული ვითარების შესახებ ისაუბრა
19:40 11.06.2012
პოლიტიკურმა კოალიაცია „ქართულმა ოცნებამ“ ნატო-ს სპეციალურ წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაის ის ქმედებები გააცნო, რასაც ხელისუფლება კოალიციის წევრებისა და მისი ლიდერის მიმართ ახორციელებს.
ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ მანანა კობახიძემ აპატურაისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
კობახიძის თქმით, შეხვედრაზე კოალიციის ლიდერებმა ალიანსის წარმომადგენელს მიმდინარე საკითხები გააცნეს, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილის 148 650 131 ლარით დღევანდელი დაჯარიმების, კოალიციის წევრების დევნის, მედიასივრცეში და წინასაარჩევნოდ არსებული მდგომარეობის შესახებ და ა. შ.
„შეხვედრაზე დაფიქსირდა პოზიცია, რომ ნატო-სთვის მნიშვნელოვანია საქართველოს ხელისუფლებამ ოქტომბერში ჩააბაროს ტესტი, რომელიც არჩევნების სამართლიან გარემოში ჩატარებას გულისხმობს“ - განაცხადა კობახიძემ.
კოალიცია შეხვედრაზე თავის საგარეო პოლიტიკურ კურსსაც შეეხო და პარტიის თავმჯდომარის განცხადებით, შეხვედრაზე აღნიშნა, რომ ეს ვექტორი ნატო-ში ინტეგრაციაზე გადის, თუმცა, ამ პროცესს, მისივე განცხადებით, თავისი ანტიდემოკრატიული ქმედებებით დღევანდელი ხელისუფლება ხელს უშლის.

ბეჭდვა