ამომრჩეველთა სიის დაზუსტების მიზნით, საქართველოს მასშტაბით მიმდინარე კამპანია „კარდაკარის“ საველე სამუშაოების 90% დასრულდა.
ამის შესახებ ამომრჩეველთა ერთიანი სიის დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის ხელმძღვანელმა, პარტია „ახალი მემარჯვენეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა კაციტაძემ დღეს ჟურნალისტებთან და საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.
კაციტაძემ შეხვედრაზე კომისიის მიერ გაწეული სამუშაოები და შედეგბი წარმოადგინა.
როგორც მან აღნიშნა, საველე სამუშაოების 90% დამთავრდა და კვირის ბოლოსთვის პროექტი მთლიანად დასრულდება.
მისი თქმით, კომისიას ცენტრალური ოფისი და თერთმეტი რეგიონული წარმომადგენლობა აქვს, სადაც, სიების დაზუსტების მენეჯმენტით 116 ადამიანია დაკავებული, მოქმედებს სპეციალური კომპიუტერული ცენტრი.
მისივე თქმით, „კარდაკარს“ მთელი საქართველოს მასშტაბით, სპეციალურად გადამზადებული 12 500 ადამიანი ატარებს.
აღინიშნა, რომ მონაცემთა ნახევარზე მეტი ერთიან ელექტრონულ ბაზაში უკვე შევიდა. ბაზაში ყოველდღიურად 130 ათასი მონაცემი შედის
როგორც მან აღნიშნა, კომისიის მისამართით ხშირად უსაფუძვლო და პოლიტიკურად მოტივირებული კრიტიკა ისმის. აქედან გამომდინარე, კაციტაძემ ნებისმიერი მონაცემის, რომელსაც სხვა პოლიტიკური პარტიები ალტერნატიული „კარდაკარის“ შედეგად მოიპოვებენ, ამომრჩეველთა ერთიან სიაში ასახვის მზადყოფნა გამოთქვა.
