პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ ორგანიზებულ აქციები ევროპულ სტანდარტებთან მიახლოებულია.
როგორც მან „ნიუსპრესს“ განუცხადა, აქციები როგორც თბილისში, ასევე ქუთაისში, მოწესრიგებული და მშვიდობიანი იყო, რაც მისივე თქმით, იმაზე მეტყველებს, რომ ქართული პოლიტიკური კულტურა ევროპულ სტანდარტებს უახლოვდება.
მისი შეფასებით, ქუთაისის მოსახლეობის ოდენობის გათვალისწინებით, პროცენტულად, ქუთაისის აქციაზე თბილისთან შედარებით უფრო ბევრი ხალხი მივიდა.
„აქცია იყო მასშტაბური, ამაღლებული, და მობილიზებული. აქციაზე მისულმა მხარდამჭერებმა თბილისის მსგავსად მშვიდად მიიღეს რეგლამენტი, მოისმინეს და სახლებში წავიდნენ. სასიამოვნო იყო ის, რომ ასეთი მოწესრიგებული მოქმედების უნარი ქართველებსაც გააჩნიათ“- განუცხადა „ნიუსპრესს“ საყვარელიძემ.
რაც შეეხებ აქციის სცენისთვის სპეციალურად ტყვიაგაუმტარი მინის შემოვლებას, პოლიტოლოგის შეფასებით, ეს იმაზე მიუთითებს, რომ შესაძლო საფრთხეების შესახებ ივანიშვილის დაცვა გარკვეულ ინფორმაციას ფლობს.
„ალბათ, ივანიშვილის დაცვამ უფრო კარგად იცის არსებობს თუ არა საფრთხე. თუ ვენდობით იმ წყაროებს, რომლებიც ხშირად ლაპარაკობენ ხელისუფლების მხრიდან დანაშაულზე, სიფრთხილის გრძნობა რომ გაუჩნდეთ ივანიშვილის მომხრეებს გასაკვირი არ იქნება“- განაცხადა საყვარელიძემ და აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლების ყურადღებას ხალხმრავალი შეკრებებით და საზოგადოების დიდი ნაწილის მხარდაჭერით იპყრობს.
მისივე თქმით, რაც შეეხება „ქართული ოცნების“ იმერეთის რეგიონის მაჟორიტარობის კანდიდატებს, მათი, კონკურენტუნარიანობის შეფასება ჯერ შეუძლებელია, რადგან „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატების ვინაობა უცნობია.
