ვაშაძე - ნატო საქართველოს საგარეო პოლიტიკის მთავარ პრიორიტეტად რჩება
ვაშაძე - ნატო საქართველოს საგარეო პოლიტიკის მთავარ პრიორიტეტად რჩება
17:18 11.06.2012
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის გრიგოლ ვაშაძისა და ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაის შეხვედრა დასრულდა.

როგორც გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, შეხვედრაზე ჩიკაგოს სამიტთან დაკავშირებით ქართულმა მხარემ მადლიერება გამოხატა, რადგანაც სამიტზე ქვეყანამ რამდენიმე მნიშვნელოვან შედეგს მიაღწია. ასევე, მისი თქმით, საქართველო იყო ერთადერთი ქვეყანა, რომელიც სამიტის ფარგლებში შეხვედრის ყველა ფორმატში მონაწილეობდა.

„შესანიშნავი შეხვედრა გვქონდა. ჩვენ მადლიერების გრძნობა გამოვხატეთ, რადგანაც ჩიკაგოს სამიტი იყო წინ გადადგმული ნაბიჯი. სამიტის ფინალურ დოკუმენტში ხაზგასმულია ის წვლილი, რაც ჩვენ შეგვაქვს ევროატლანტიკურ ინტეგრაციაში. გამოხატულია მადლიერება იმ პროგრესისთვის რაც სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ სფეროში გვაქვს“ - განაცხადა ვაშაძემ და აღნიშნა, რომ ეს საქართველოს მეგობრების დამსახურებაა.

მისივე თქმით, საქართველო ნაბიჯ-ნაბიჯ გააგრძელებს მუშაობას ალიანსთან და ნატო საქართველოს საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რჩება.

აპატურაი თბილისში ნატო-ს კვირეული ფარგლებში იმყოფება, იგი დღესვე პარლამენტის თავმჯდომარეს დავით ბაქრაძეს შეხვდება.

ბეჭდვა