ქუთაისის სცენაზე ტყვიაგაუმტარ მინის ღობეს „ქართული ოცნება“ ხელისუფლებიდან მომავალ საფრთხეებს უკავშირებს
ქუთაისის სცენაზე ტყვიაგაუმტარ მინის ღობეს „ქართული ოცნება“ ხელისუფლებიდან მომავალ საფრთხეებს უკავშირებს
13:27 11.06.2012
პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ მოსალოდნელ თავდასხმაზე ინფორმაცია  მეორედ დადგა აქტიურად დღის წესრიგში.

კოალიციის პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ დღეს გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ქუთაისის მიტინგზე, სცენის ტყვიაგაუმტარი მინით იზოლირებას კოალიციაში ხელისუფლებიდან მომავალი საფრთხეებით ხსნიან.

„როგორც ჩანს, არსებობს ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ შეიძლება ივანიშვილზე რაიმე სახის თავდასხმა განხორცილედეს“ - აღნიშნა პრესსპიკერმა და მასმედიას სთხოვა გაგებით მოეკიდონ იმ ფაქტს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით კონკრეტულს ვერაფერს იტყვის.

ფანჯიკიძის თქმით, კოალიციას სურს ოქტომბრის არჩევნებამდე მშვიდობიანად მივიდეს და უსაფრთხოების ნორმების დაცვა, მისივე თქმით, სამწუხაროდ დღევანდელ საქართველოში აუცილებელი ხდება.

„თბილისის აქციის შემდეგ, გასაგებია, რადგან თავისი მასშტაბურობით და გრანდიოზულობით 27 მაისის აქციამ ძალიან შეაშინა ისედაც შეშინებული ხელისუფლება. შეშინებული კაცისგან კი ყველაფერია მოსალოდნელი“- განაცხადა ფანჯიკიძემ.

მისი თქმით, სიფრთხილეს თავი არ სტკივა და ამდენად, უკეთესია უსაფრთხოების ზომების დროულად მიღება, ვიდრე შემდეგ, სინანული.

ბეჭდვა