გრიგოლ ვაშაძე უკრაინას ეწვევა
გრიგოლ ვაშაძე უკრაინას ეწვევა
13:18 11.06.2012
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე 14-16 ივნისს შეხვედრებს უკრაინაში გამართავს. ამის შესახებ მინისტრის მოადგილემ   ნინო კალანდაძემ დღეს საგარეო უწყებაში ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა.

კალანდაძის თქმით, ვიზიტის ფარგლებში მთელი რიგი უმაღლესი დონის შეხვედრებია დაგეგმილია. ვაშაძე უკრაინის პრეზიდენტს, ასევე პრემიერ-მინისტრსა და თავის უკრაინელ კოლეგას შეხვდება.

„ტრადიციულად, უკრაინასთან ძალიან მჭიდრო ურთიერთობები გვაკავშირებს, თუმცა, სურვილი გვაქვს, პოლიტიკური ურთიერთობების მიღმა, ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობები უფრო გაღრმავდეს“ - განაცხადა კალანდაძემ და იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნული ვიზიტი საქართველო-უკრაინის თანამშრომლობის უფრო მაღალ საფეხურზე გადაყვანის საწინდარი გახდება.

მიმდინარე კვირაში საგარეო უწყებას ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციები პოლონეთშიც აქვს აქვს დაგეგმილი.

„ეს ძალიან კარგი ტრადიციაა, რომელიც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ თავის პარტნიორებთან ურთიერთობაში დაამკვიდრა“-განაცხადა კალანდაძემ.

საქართველოს დელეგაცია ვარშავაში 12 ივნისს გაემგზავრება.


ბეჭდვა