ჟენევის მოლაპარაკებებზე ქართული მხარე რუსეთის ოფიციალურ წარმომადგენელთა დასტურის მიღებას ცდილობს იმასთან
დაკავშირებით, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული სამხედრო ბაზები შემოდგომაზე რუსულ წვრთნებში არ ჩაერთვებიან.
ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ დღეს ბრიფინგზე განაცხადა.
კალანდაძემ ჟენევაში გამართული საერთაშორისო მოლაპარაკებების მე-20 რაუნდის შეაფასებისას აღნიშნა, რომ ქართულმა მხარემ განსაკუთრებული შეშფოთება რუსეთის მიერ სექტემბერში დაგეგმილ ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნების „კავკასია 2012“-ის გამო გამოთქვა.
მინისტრის მოადგილემ იმედი გამოთქვა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა ძალისხმევას არ დაიშურებს, რათა სწავლებაში ოკუპირებულ ტერიტორიებზე არასებული სამხედრო ბაზები არ ჩაერთონ.
კალანდაძის განცხადებით, საქართველოს დელეგაციამ ყურადღება გაამახვილა რუსეთის მიერ ძალის გამოუყენებლობის შესახებ ვალდებულების უგულებელყოფაზე.
„რუსეთის მიერ ძალის გამოუყენებლობის ვალდებულების აღება კვლავ ჩვენი უმთავრესი მიზანია და იმედი გვაქვს, რომ ჟენევის მოლაპარაკებების ერთ-ერთი საბოლოო შედეგი სწორედ ეს საკითხი იქნება“- განაცხადა მან.
კალანდაძის თქმით, საუბარი ასევე შეეხო ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევის კუთხით დაფიქსირებულ ყველა ინციდენტს.
„ამ მოლაპარაკებების შედეგით კმაყოფილების საფუძველი ნაკლებად გვაქვს, თუმცა მისასალმებელია, რომ ისინი გრძელდება“ - განაცხადა მინისტრის მოადგილემ და აღნიშნა, რომ ფორმატი შენარჩუნებულია და არსებობს ყველა პრობლემურ საკითხზე თანათავმჯდომარეების ფორმატში საუბრის შესაძლებლობა.
