კოალიცია „ქართული ოცნების“ პრესსპიკერი მაია ფანჯიკიძე იმ გაუგებრობაზე საუბრობს, რაც „ქართული ოცნების“ დაკავებულ აქტივისტებს უკავშირდება.
მისი განცხადებით, კოალიციას არ უარყვია აღნიშნულ ახალგაზრდებთან კონტაქტის შესახებ ინფორმაცია.
„ჩვენ ვთქვით, რომ ისინი არ არიან ჩვენი პარტიის წევრები, თუმცა, ეს გაუგებრობა იმანაც გამოიწვია, რომ ვერ მოხერხდა პარტიის დამფუძნებელთა 1 200 კაციანი სიის მანამდე გადამოწმება“ - განაცხადა ფანჯიკიძემ.
მისი თქმით, აღნიშნული აქტივისტები გაფრთხილებულები იყვნენ, რომ პროვოკაციას არ უნდა წამოგებოდნენ, რათა „ქართული ოცნების“ ბუკლეტები სხვანაირი ინტერპრეტაციის საბაბი გამხდარიყო, თუმცა, საბოლოოდ მაინც ასე მოხდა.
ამასთან, ფანჯიკიძემ არ გამორიცხა, რომ შესაძლოა, პარტიაში შეგზავნილი წევრებიც იყვნენ.
„მე ძალიან გამიკვირდება თუ ასეთი არის მხოლოდ ერთი და ორი ადამიანი. დაკავებულები შეიძლება დაშინებულები, შემოგზავნილები ან დაბნეულები იყვნენ. ამიტომ, მე არცერთ ვარიანტზე კატეგორიულად არ შევჩერებულვარ“ - აღნიშნა ფანჯიკიძემ.
მისი თქმით, მიუხედავად ყველაფრისა, დაკავებულების უფლებები დაცული იქნება და კოალიცია ახალგზარდებს მხარს დაუჭერს.
ამომრჩევლის მოსყიდვის ბრალდებით, კოალიციის სამი ახალგაზრდა აქტივისტია დაკავებული. გამოძიების ინფორმაციით, ისინი მხარდამჭერებს „ქართული ოცნების“ ბუკლეტების დარიგების დროს თავიანთი ოცნებების დაფიქსირებას სთხოვდნენ და მათ მატერიალიზებას ჰპირდებოდნენ.
