სანიკიძე - ოქტომბრის არჩევნების შედეგებს საქართველოში ოსები და აფხაზებიც ელოდებიან
სანიკიძე - ოქტომბრის არჩევნების შედეგებს საქართველოში ოსები და აფხაზებიც ელოდებიან
18:25 10.06.2012
„ოქტომბრის არჩევნები საქართველოს ისტორიის გზაგასაყარი იქნება, რომელიც გადაწყვეტს - წავა თუ არა ომის პარტია და მოვა თუ არა მშვიდობის პარტია“ - ამის შესახებ დღეს ქუთაისში  კოალიცია „ქართული ოცნების“ აქციაზე კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა გუბაზ სანიკიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ქართველების მიერ არჩევნებზე მიღებულ გადაწყვეტილებას ელოდებიან აფხაზებიც და ოსებიც.

„მერწმუნეთ, აფხაზები და ოსები ელოდებიან, რას ვიზამთ ოქტომბერში. გავუშვებთ თუ არა ომის პარტიას - ნაცმოძრაობას და მოვა თუ არა მშვიდობის პარტია - ქართული ოცნება“ - განაცხადა სანიკიძემ.

მისი თქმით, ოქტომბერშივე გადაწყდება, საქართველო დარჩება სააკაშვილის უგვარო მუზეუმის სამუზეუმო ექსპონატად, თუ ჩამოყალიბდება 21-ე საუკუნის ეკვივალენტურ ახალ, ძველ ფესვებზე აღმოცენებულ სახელწმიფოდ.

სანიკიძემ ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს გიორგი ბრწყინვალის პოლიტიკა სჭირდება, და ამ პოლიტიკის გამტარებელი ბიძინა ივანიშვილია.

„ჩვენ 4 თვიანი მარათონი უნდა გავიაროთ და მოვიგოთ უსისხლო ომი. ყველას საკუთარ თავთან გვაქვს დიდგორი მოსაგები. საქართველოში ომი დასრულდა, მარადი მშვიდობა გვჭირდება“ - აღნიშნა სანიკიძემ.

როგორც აქციაზე განაცხადეს, დაფიქსირდა რაიონებიდან მომავალი კოლონების გადაადგილების შეფერხების მცდელობა, თუმცა ის წარუმატებელი იყო.



ბეჭდვა