"ქრისტიან-დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერი ლევან ვეფხვაძე დიმიტრი ლორთქიფანიძისა და გიორგი ცაგარეიშვილის ფსიქიკური მდგომარეობით ინტერესდება და ბიძინა ივანიშვილს
მოუწოდებს დროულად გაარკვიოს ეყოლება თუ არა ისინი სიაში.
" რაკი ცაგარეიშვილი და ლორთქიფანიძე ვიღაცის განცხადებების ძიებით არიან დაკავებულნი, მე ჩემის მხრივ ვეცდები გავარკვიო მოიძებნება თუ არა მათი პირადი საქმეები ფსიქიატრიულ კლინიკაში. ამ ორ ადამიანს ფსიქიკური აშლილობის ნიადაგზე შეტევა აქვთ. ბიძინა ივანიშვილს მოვუწოდებ ვიდრე მათ რეაქტიული ფსიქოზი დასწყებიათ დროულად გაარკვიოს ეყოლება თუ არა ისინი საარჩევნო სიაში" – განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.
ორ ოპოზიციურ ფრაქციას შორის ურთიერთობა გუშინ დაიძაბა. ფრაქცია "ერთობა სამართლიანობისთვის" წევრებმა პარლამენტის კანცელარიაში რატი მაისურაძის განცხადება ვერ იპოვეს. "ერთობა სამართლიანობისთვის" თავმჯდომარემ დიმიტრი ლორთქიფანიძემ და ფრაქციის წევრმა გიორგი ცაგარეიშვილმა განაცხადეს, რომ "ქრისტიან-დემოკრატებიდან" გასულ რატი მაისურაძეს გია თორთლაძის სახელზე განცხადება არ დაუწერია.
ლევან ვეფხვაძის განმარტებით, "ერთობა სამართლიანობისთვის" წევრებმა" ისიც კი არ იციან, რომ საპარლამენტო უმცირესობა შეიძლება შედგებოდეს როგორც ფრაქციებისგან ასევე ცალკეული დეპუტატებისგან.
"რატი მაისურაძემ "ძლიერ საქართველოში" შესვლის თაობაზე წერილობითი ფორმით გია თორთლაძეს მიმართა, ეს განცხადება ფრაქციაში დევს და არსად არ წერია რომ მისი რეგისტრაციაში გატარება აუცილებელია" – განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.
ფრაქცია "ძლიერ საქართველოს" აპარატში ამტკიცებენ, რომ დეპუტატ მაისურაძეს ფრაქციაში გაწევრიანებასთან დაკავშირებით თორთლაძის სახელზე განცხადება დაწერილი აქვს და დოკუმენტი 10 თებერვალს არის შესული.
