პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლების მხრიდან მის მიმართ განხორციელებულ სხვადასხვა ზეწოლის ფაქტებს ფუჭს უწოდებს.
ამის შესახებ იგი ტელეკომპანია „მაესტროსთან“ ინტერვიუში საუბრობს, რომელიც „ფეისბუქის მის გვერდზე გამოქვეყნდა.
„ტოტალურად ცდილობენ როგორმე ივანიშვილი შეაჩერონ. ეს სააკაშვილის ძირითადი პრობლემაა, მაგრამ ვერაფერს იზამენ. საქართველოს მოსახლეობას ვარწმუნებ, რომ ნებისმიერი მათი მცდელობა ფუჭად დამთავრდება“ - აღნიშნა ივანიშვილმა.
კოალიციის ლიდერი მოსახლეობას ხელისუფლების მიერ განხორციელებული ძალადობის ატანას სთხოვს.
„მე ძალიან ბევრს ვიტან. თუკი რამეა ჩემს ირგვლივ აბსოლუტურად ყველაფრის გაჩერებას და დაპატიმრებას ცდილობენ და ყველანაირ შეურაცხყოფას მაყენებენ“ - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
ინტერვიუში ივანიშვილი აღნიშნავს, რომ ის ამ ყველაფერს გაგებით ეკიდება.
„მინდა საქართველოს მოსახლეობამაც ნახოს, რომ მე ამ ყველაფერს ვიტან და რაღაც პატარა შეურაცხყოფები თითოეულმაც აიტანეთ“ - აღნიშნა ივანიშვილმა და დასძინა, რომ ერთი კაცის იდეოლოგიაზე უარის სათქმელად მოსახლეობამ ამ ყველაფერს უნდა გაუძლოს და გადაიტანოს.
