პარლამენტის ეზოში დეპუტატები და იუნკრების შთამომავლები შეიკრიბნენ
პარლამენტის ეზოში დეპუტატები და იუნკრების შთამომავლები შეიკრიბნენ
14:45 23.02.2012
პარლამენტის ეზოში მდებარე იუნკრების მემორიალთან დღეს დეპუტატები და იუნკრების შთამომავლები შეიკრიბნენ და დახოცილი იუნკრების ხსოვნას პატივი მიაგეს.

როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა 1921 წლის 23 თებერვალი განსაკუთრებით მძიმე დღეა თითოეული ქართველისთვის, რადგან სწორედ ამ დღეს დაეცა გმირი ქალი – მარო მაყაშვილი ბრძოლის ველზე.
"ჩვენ უფლება არ გავქვს არ მივაგოთ პატივი მათ ხსოვნას" – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრ ნუგზარ წიკლაურის თქმით, ის დღეს გენერალ კოტე აფხაზის მემორიალური დაფის გახსნაზე იმყოფებოდა. წიკლაურის თქმით, კოტე აფხაზიც, ისევე როგორც იუნკრები ქართველი ხალხისთვის ყველაზე უფრო სანუკვარ და ძვირფას სახეებს წარმოადგენენ.
"ჩვენ გვინდოდა თავისუფლება, მაგრამ საქართველო სისხლისგან დაცალეს და დავკარგეთ თავისუფლება. ჩვენ გვსურს ახლაც თავისუფლება, მაგრამ დღესაც იგივე იმპერია ცდილობს ჩვენი ეროვნული სხეულის დარღვევას" – განაცხადა წიკლაურმა.
მისივე თქმით, დღეს მთელმა ქართულმა პოლიტიკურმა ელიტამ უნდა იბრძოლოს, რათა საქართველოში აღარასდროს აღორძინდეს ბოლშევიზმი.
1921 წლის თებერვალში შემოჭრილ რუსეთის მე-11 არმიას ტაბახმელასთან იუნკრები უწევდნენ წინააღმდეგობას. თავისუფლებისათვის ბრძოლაში დაღუპული გმირები დღევანდელი პარლამენტის შენობასთან დაკრძალეს.


ბეჭდვა