ავღანეთში 3 ქართველი სამხედრო კაპრალის დაღუპვაზე პასუხისმგებლობას პარტია "თავისუფალი საქართველო" ხელისუფლებას აკისრებს. ამის შესახებ განცხადება დღეს
გამართულ ბრიფინგზე პარტიის პოლიტიკურმა მდივანმა, თენგიზ ომანიძემ გააკეთა. მისი თქმით, შემაშფოთებელია ის ფაქტი რომ მაშინ როცა ნატოს წევრ ბევრ ქვეყანას ავღანეთიდან ჯარები გამოჰყავს, საქართველოს ხელისუფლება ქართული კონტიგენტის კიდევ უფრო გაზრდის შესახებ აკეთებს განცხადებებს.
პარტიაში მიჩნიათ, რომ ქართველი სამხედროები ავღანეთში ხელისუფლების პიარ-კამპანიას ეწირებიან.
"ყოველი ქართველი ჯარისკაცის დაღუპვაზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებასთან ერთად მის სატელიტ პარტიებსაც ეკისრებათ, რომლებიც ვაშინგტონის კეთილგანწყობის მოპოვების მიზნით ხელისუფლების ამ ანტიეროვნულ ინიციატივას, ჩვენი ქვეყნის ავღანეთის მისიაში მონაწილეობასთან დაკავშირებით მხარს უჭერენ"- აცხადებს ომანიძე.
"თავისუფალი საქართველოს" წევრები გმობენ ავღანეთის მისიაში ქართული სამხედრო კონტიგენტის მონაწილეობას და მწუხარებას გამოთქვამენ მომხდარის გამო.
