კამპანია "ეს შენ გეხება"-ს ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრები ამ წუთებში დედაქალაქის რამდენიმე უბანსა და ქვეყნის რეგიონულ ცენტრებში ერთდროულად მიმდინარეობს.
საინფორმაციო შეხვედრის მიზანია მოსახლეობას აუხსნას გასული წლის დეკემბრის ბოლოს საარჩევნო კოდექსში შესული ცვლილებების არსი. კამპანია - "ეს შენ გეხება" კანონში შესული ცვლილებების გაუქმებას ითხოვს. ამასთან დაკავშირებით შემუშავებულია საკანონმდებლო პაკეტი და სათანადო პეტიცია პარლამენტშია შეტანილი.
საინფორმაციო აქციაში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ჟურნალისტები მონაწილეობენ, რომლებიც მოსახლეობას კანონის შინაარსს აცნობენ. მიმდინარეობს აგრეთვე პეტიციაზე ხელმოწერები.
ჟურნალისტ თამარ ჩიქოვანის განცხადებით, რომელიც მან უნივერსიტეტის მეორე კორპუსთან გამართულ აქციაზე გააკეთა, გასული წლის ბოლოს მიღებული კანონებით იზღუდება გამოხატვის და საკუთრების უფლება. ეს ყველაფერი ქმნის არადემოკრატიულ გარემოს და ეს ყველაფერი საზოგადოებამ დეტალურად უნდა გაიგოს.
კამპანია "ეს შენ გეხება"-ს ფარგლებში მოქალაქეებს სპეციალური მაისურები და სტიკერები დაურიგდათ. ორგანიზატორების თქმით, ასეთი სახის აქციები მომავალშიც იგეგმება და ის არ იქნება ერთჯერადი. მათი განცხადებით აქციები მანამ გაგრძელდება, სანამ პარლამენტი მიღებულ კანონს არ შეცვლის.
