ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებასთან
დაკავშირებული მორიგი მრგვალი მაგიდა მიმდინარეობს.
როგორც ცესკო-ს თავმჯდომარემ ზურაბ ხარატიშვილმა განაცხადა, ამჯერად განსახილველ თემას წინასაარჩევნო პერიოდში პლაკატების გავრცელების რეგულაცია წარმოადგენს.
„ვაგრძელებთ რეკომენდაციების განხილვას, რომელიც დაკავშირებულია სააგიტაციო მასალების განთავსებასთან ქუჩებსა და სხვადასხვა ადგილებზე. ვფიქრობთ, დღეს საბოლოოდ შევთანხმდებით იმ რეკომენდაციებზე, რომლებსაც ერთობლივად გავცემთ ადგილობრივი თვითმმართველობებისთვის, რომელთა პასუხისმგებლობაც არის სააგიტაციო მასალების განთავსებისთვის ბილბორდების მომზადება და ადგილების გამოყოფა“ - განაცხადა ხარატიშვილმა.
მისივე თქმით, პროცესი, რომელიც ერთობლივი შეთანხმებით და კონსულტაციით მიმდინარეობს, ხელს შეუწყობს საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას და ამომრჩეველთა ნდობის ამაღლებას საარჩევნო პროცესისადმი.
როგორც საკრებულოს წევრმა „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობიდან“ ჯაბა სამუშიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ერთადერთი, რაც მოძრაობას აშფოთებს ამ პროცესთან დაკავშირებით, დროის ფაქტორია.
„ერთადერთი, რაც ქდმ-ს აშფოთებს, დროის ფაქტორია, რადგან ეს პროცესი უნდა მოხდეს უფრო სწრაფი ტემპებით და დრო მიეცეთ ადგილობრივ თვითმმართველობებს, რომ რეალობაში მოახერხონ განხორციეება პოლიტიკური პარტიების შეთანხმებებისა“ - განაცხადა სამუშიამ.
მისივე თქმით, ქდმ-ს წინადადებაა, რომ სააგიტაციო მასალების გავრცელებასთან დაკავშირებით კონკრეტული ადგილები პოლიტიკურ სუბიექტებს შორის პარიტეტის პრინციპით განაწილდეს.
