გაეროს კონტინენტური შელფის გარე საზღვრის დადგენის კომისიის წევრად ქართველი ექსპერტი გოგი ჯაოშვილი აირჩიეს.
საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, კონტინენტური შელფის გარე საზღვრის დადგენის კომისიის წევრთა არჩევნები ნიუ-იორკში, გაეროს საზღვაო სამართლის კონვენციის წევრი ქვეყნების 22-ე შეხვედრაზე გაიმართა, სადაც საქართველომ გეოლოგიაში, გარემოს დაცვის საკითხებში, ჰიდროლოგიასა და ოკეანოლოგიაში ექსპერტ გოგი ჯაოშვილის კანდიდატურა წარადგინა, რომელიც 2007-2012 წლებში აღნიშნული კომისიის წევრი იყო.
კენჭისყრის შედეგად საქართველოს კანდიდატურა 141 ხმით კიდევ ერთხელ იქნა არჩეული კონტინენტური შელფის გარე საზღვრის დადგენის კომისიის წევრად 2012-2017 წლების ვადით.
კონტინენტური შელფის გარე საზღვრის დადგენის კომისია 21 დამოუკიდებელი ექსპერტისგან შედგება და მისი მიზანია, ხელი შეუწყოს გაეროს საზღვაო სამართლის კონვენციის იმპლემენტაციას ტერიტორიული ზღვის ათვლის წერტილიდან 200 საზღვაო მილის დაშორებით კონტინენტური შელფის გარე საზღვრის დადგენის კუთხით.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს კანდიდატურის წარმატებას მიესალმება და კონვენციის წევრ ქვეყნებს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.
