ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატების" წევრი მაგდა ანიკაშვილი მთავრობას მოუწოდებს გამოყოს რეგიონებში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების ჯანმრთელობის დაზღვევის თანხები, რაც ბიუჯეტში არ არის გათვალისწინებული.
ეს განცხადება მაგდა ანიკაშვილმა დღეს პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. ანიკაშვილის თქმით, მთავრობა ცვლის სახელმწიფოს მიერ გასაცემი თანხის მხოლოდ დასახელებას და არა თავად პენსიის ოდენობას.
"ქრისტიან-დემოკრატებისთვის მიუღებელია, რომ საპენსიო და სოციალური პაკეტების შემოღებით საპენსიო რეფორმის მიღმა კვლავ აღმოჩნდნენ მეორე ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, მარჩენალდაკარგულები, მათ შორის დედ-მამით ობოლი ბავშვები, ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა ოჯახის წევრები, პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლი და სხვა კატეგორიის ადამიანები. მიუღებელია, რომ მინიმალურ სახელმწიფო პენსიად კვლავ რჩება 55 ლარი რაც სამჯერ ნაკლებია ოფიციალურ საარსებო მინიმუმზე" – აღნიშნა ანიკაშვილმა.
ქრისტიან-დემოკრატები მიიჩნევენ, რომ პირველ ეტაპზე მთავრობამ ჯანმრთელობის დაზღვევის პოლისით უნდა უზრუნველყოს სოციალური პაკეტის ყველა მფლობელი. მათ შორის მარჩენალდაკარგულები, მეორე ჯგუფის ინვალიდები და პოლიტრეპრესირებულები.
"ქრისტიან-დემოკრატები მოვითხოვთ, რომ იმ შემთხვევაში თუ მამაკაცები 140 ლარიან საპენსიო პაკეტს მიიღებენ 67 წლის ასაკიდან, ქალბატონებს ის 62 წლის ასაკიდან მიენიჭოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს იქნება მოქალაქეთა დისკრიმინაცია სქესის ნიშნით. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ კანონში ,,სოციალური დახმარების" შესახებ დეტალურად გაიწეროს თუ რა გახდება სოციალური პაკეტის დანიშვნის საფუძველი, რათა მომავალში ყველა ადამიანს რომელიც შესაძლოა მოხვდეს პენსიის მიმღებთა კატეგორიაში, არ შეექმნას პრობლემა სტატუსის მინიჭებისას" – აღნიშნა ანიკაშვილმა.
