„ქართული ოცნებაში“ მიაჩნიათ, რომ კოალიციის წინააღმდეგ განხორციელებული ქმედებების შესწავლით,
სასაქართველოში მოქმედი ყველა ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაცია უნდა დაინტერესდეს.
კოალიციის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, საქართველოში აშშ სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის ვიზიტის დასრულებისთანავე, საქართველოს ხელისუფლებამ მთელი რიგი უკანონო მოქმედებები განახორციელა, რის შედეგადაც ქვეყანაში შექმნილი ისედაც მძიმე პოლიტიკური და სამართლებრივი მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა.
განცხადების თანახმად, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მიმართ განხორციელებული რეპრესიული ღონისძიებები აშკარა პოლიტიკური ანგარიშსწორების ნიშნებს ატარებს და სახიფათო ტენდენციას იძენს. ამგვარი ტენდენციები კი, განსაკუთრებით თვალშისაცემია მაღალი რანგის სტუმრების ვიზიტების შემდეგ.
კოალიციამ განცხადებაში ის ფაქტებიც დაასახელა, რაც მათივე თქმით, პოლიტიკური ანგარიშსწორების ნიშნებს შეიცავს - ქუთაისში დაპატიმრებული ახალგაზრდები, კონტროლის პალატისგან პარტიას “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” მიმართ ულტიმატუმი ხუთი დღის ვადაში შპს „მენეჯმენტ სერვისისთვის“ დაახლოებით ნახევარი მილიონი ლარის გადარიცხვის შესახებ, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ შპს „სტერეო პლუსის“ დაჯარიმება, 7 ივნისს კონტროლის პალატის მოთხოვნა ბიძინა ივანიშვილის დაჯარიმების თაობაზე.
„დარწმუნებული ვართ, საქართველოში მოქმედი ყველა ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციის ვალია, დღესვე შეისწავლონ აღნიშნული ფაქტები და მყისიერი რეაგირება მოახდინონ ხელისუფლების მიერ კოალიცია ქართული ოცნების წინააღმდეგ დაგეგმილ კამპანიაზე, რათა ყველამ ერთად ვუზრუნველყოთ კონკურენტუნარიანი არჩევნების ჩატარება, სადაც საქართველოს მოქალაქეები თავისუფალი ნების გამოვლენის პირობებში გააკეთებენ პოლიტიკურ არჩევანს“-აცხადებენ კოალიციაში და აღნიშნავენ, რომ ყველა ჩამოთვლილი მოვლენა დროის მოკლე პერიოდში, სამი დღის განმავლობაში მოხდა, რაც ნიშნავს იმას, რომ „ქართული ოცნების“ მიმართ წინასწარ დაგეგმილი ბინძური კამპანია გრძელდება.
კოალიციაში აცხადებენ, რომ ამ კამპანიის საბოლო მიზანი დღეს ხელისუფლებასთან დაახლოებული არასამთავრობო ორგანიზაცია “სუფთა პოლიტიკის” წარმომადგენელმა საჯაროდ განაცხადა - „შეითითხნოს საქმე და შეიქმნას საკმარისი “მტკიცებულებები” ბიძინა ივანიშვილისა და კოალიცია “ქართული ოცნების” საარჩევნო პროცესისგან ჩამოსაშორებლად“.
