საპარლამენტო უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ბეჟუაშვილი მოსახლეობამ მიიწვია სუფრაზე და არა პირიქით
საპარლამენტო უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ბეჟუაშვილი მოსახლეობამ მიიწვია სუფრაზე და არა პირიქით
18:39 07.06.2012
საპარლამენტო უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ დეპუტატ დავით ბეჟუაშვილის მხრიდან ამომრჩევლის მოსყიდვას  ადგილი არ ჰქონია.

მმართველი გუნდის წარმომადგენლები დარწმუნებული არიან, რომ მათ თანაგუნდელს, თეთრიწყაროს მაჟორიტარ დეპუტატს დავით ბეჟუაშვილს კანონსაწინააღმდეგო ქმედება არ ჩაუდენია და ამომრჩევლის მოსყიდვის მცდელობას ადგილი არ ჰქონია.

მოსახლეობაზე დაყრდნობით, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რამდენიმე დღის წინ, თეთრიწყაროს რაიონის სოფელ ასურეთში, დეპუტატმა ბეჟუაშვილმა ადგილობრივი მოსახლეობისთვის სადღესასწაულო სუფრა გაშალა. მედიის ცნობით, ეს ღონისძიება დეპუტატს რამდენიმე ათასი ლარი დაუჯდა.

„დარწმუნებული ვარ, დავითს ამ შემთხვევაში კანონი არ დაურღვევია“ – განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ პავლე კუბლაშვილმა.

როგორც ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ლაშა თორდიამ ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, მისი ინფორმაციით, დეპუტატი მოსახლეობამ თავად მიიწვია სუფრაზე.

დეპუტატები მიიჩნევენ, რომ კონტროლის პალატამ უნდა დაადგინოს იყო თუ არა ბეჟუაშვილის მხრიდან რაიმე ფინანსური ხარჯი გაწეული, და დაირღვა თუ არა კანონი.

ბეჭდვა