ნინო ციხისთავი - ჰილარი კლინტონის განცხადება ქალების პოლიტიკაში ჩართვასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია
ნინო ციხისთავი - ჰილარი კლინტონის განცხადება ქალების პოლიტიკაში ჩართვასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია
17:06 07.06.2012
არასამთავრობო ორგანიზაცია „კავკასიის ქალთა ქსელის“ თავმჯდომარე ნინო ციხისთავი შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის  მიერ გაკეთებულ განცხადებას - ქალთა პოლიტიკაში სათანადოდ ჩართვასთან დაკავშირებით, აშშ-სა და საქართველოსთვის პრიორიტეტულ საკითხს უწოდებს.
როგორც ციხისთავმა „ნიუსპრესთან“ საუბრისას აღნიშნა, ჰილარი კლინტონის ეს განცხადება სრულიად მოსალოდნელი იყო, რადგან სახელმწიფო მდივანი თავისი კარიერის პირველივე დღიდან ქალთა საკითხს დიდ მნიშვნელობას ანიჭებს.
მისი აზრით, ჰილარი კლინტონის განცხადება პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის მანანა კობახიძისკენ იყო მიმართული.
„ჰილარი კლინტონის ეს განცხადება, რომ ის პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობას მხარს უჭერს და გულშემატკივრობს, იმის პირდაპირი გაცხადებაა, რომ მანანა კობახიძე, რომელიც ახლადშექმნილი პარტიის სათავეშია, ამ ყველაფრის სიმბოლოა“ - განაცხადა ციხისთავმა.
მისი განმარტებით, ქალთა პოლიტიკაში ჩართვა აშშ-სთვის, ისევე, როგორც საქართველოსთვის მნიშვნელოვანი საკითხია.
„ამერიკამ ძალიან დეტალური და კონკრეტული პროგრამა გამოაცხადა, იმისა თუ როგორ წარმოუდგენია მთელ რიგ ქვეყანაში კონფლიქტის ტრანსფორმაციასა და დემოკრატიის განვითარების პროცესში ქალთა მონაწილეობის გაზრდა“ - განაცხადა ციხისთავმა და აღნიშნა, რომ სჯერა საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში ქალთა მონაწილეობა მითი არაა და მისი რეალობად ქცევა შესაძლებელია, თუმცა, მან აქვე განმარტა, რომ დღევანდელი ხელისუფლება ამას არ ცდილობს.
როგორც ცნობილია, აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა პოლიტიკაში ქალების ჩართვის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მთავრობა და ქვეყანა მთლიანობაში უფრო ძლიერი იქნება, როდესაც ქალებს უფრო მეტი უფლებები და უფრო დიდი როლი ექნებათ საქართველოს მომავლის ჩამოყალიბებაში.

ბეჭდვა