ვიცე პრემიერ მინისტრი გიორგი ბარამიძე მოლდოვაში ვიზიტის ფარგლებში მოლდოვას რესპუბლიკის პრეზიდენტს ნიკოლაე ტიმოფტის შეხვდა.
ასევე, მან ორმხრივი შეხვედრები გამართა პრემიერ-მინისტრთან ვლადიმირ ფილატთან, მოლდოვას რესპუბლიკის ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა და ევროინტეგრაციის მინისტრთან იურიე ლიანკასთან, ასევე ქალაქ კიშინიოვის მერთან დორინ კირტოაკესთან.
როგორც „ნიუსპრესს“ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან აცნობეს, შეხვედრებზე განსაკუთრებული ყურადღება აღმოსავლეთ ევროპაში კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარებისა და უსაფრთხო და სტაბილური განვითარების პერსპექტივების განხილვას დაეთმო. ხაზი გაესვა, რომ ამ მხრივ საქართველოსა და მოლდოვას მსგავსი პრობლემები - ოკუპირებული ტერიტორიები აქვთ, რომელთა გადასაწყვეტად მნიშვნელოვანია ორ მეგობარ ქვეყანას შორის მჭიდრო თანამშრომლობა და მოქმედებათა კოორდინაცია.
უწყებაში აცხადებენ, რომ აღნიშნულთან ერთად საქართველოსა და მოლდოვას ევროინტეგრაციის პერსპექტივებთან დაკავშირებით თანხვედრი მიზნები და ამოცანები გააჩნიათ.
მხარეები შეთანხმდნენ ევროკავშირის „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფარგლებში თანამშრომლობის შემდგომ გააქტიურებასა და ევროინტეგრაციის მიმართულებით გამოცდილების ურთიერთგაზიარებაზე, ასევე ევროინტეგრაციის პრიორიტეტულ საკითხებზე ერთიანი პოზიციის შემუშავებასა და კოორდინირებულ მოქმედებაზე.
შეხვედრებზე ასევე, აღინიშნა საერთაშორისო ორგანიზაციების გაეროს, ეუთოსა და ევროსაბჭოს ფორმატებში თანამშრომლობის მნიშვნელობა და ურთიერთობის გაღრმავების აუცილებლობა სუამის ფარგლებში.
მხარეებმა საქართველო-მოლდოვას ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივები ეკონომიკის, ტურიზმის, სოფლის მეურნეობის, ენერგეტიკისა და კულტურის სფეროებშიც განიხილეს.
